World News

ნატოს გენერალურმა მდივანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამიტზე მიიწვია

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მადრიდის სამიტზე მიიწვია. ინფორმაციას და წერილს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.


სამიტი 28-30 ივნისს გაიმართება, ღარიბაშვილი კი 29 ივნისს სპეციალურ შეხვედრაზე მიიწვიეს. წერილი 17 ივნისით თარიღდება.




"უდავოდ გადამწყვეტ დროს ვიკრიბებით. უკრაინის ტერიტორიაზე შეღწევით რუსეთმა ევროპაში მშვიდობა დაამსხვრია. გლობალური უსაფრთხოება ახლა ხელახლა განისაზღვრება, თან ამ უსამართლო და არაპროვოცირებული ომის შედეგი ევროატლანტიკური სივრცის მიღმაც შეიგრძნობა. რუსეთი და სხვა ავტორიტარული ძალები გამოწვევებს უქმნიან წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. ტრანსატლანტიკური თანამეგობრობის მყისიერი პასუხი რუსეთის ბრუტალური აგრესიის მიმართ შთამბეჭდავია, თან ერთობასა და სოლიდარობაზე მეტყველებს.


ჩვენ დისკუსიებში აქცენტი უნდა გავაკეთოთ გლობალურ გამოწვევებზე და მათ შორის განსაკუთრებით გავამახვილოთ ყურადღება ჩინეთის მზარდ ძალაუფლებაზე და გავლენის არეალზე, ასევე ჩვენი ინტერესებისა და უსაფრთხოების სფეროში მის შედეგებზე. მადრიდის სამიტზე მოკავშირეებს შორის შეთანხმდება ახალ სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც ალიანსის საკვანძო პრინციპებისა და ამოცანების განსაზღვრას მოახდენს უფრო საშიში და არაპროგნოზირებადი სამყაროსადმი ალიანსის შესამზადებლად. ხსენებული კონცეფციით მოხდება ახალი პოლიტიკის განმტკიცება რუსეთის მიმართ, საერთო საფუძველი განისაზღვრება ჩინეთიდან მომდინარე გამოწვევებთან დაკავშირებით და განმტკიცდება ჩვენი მიზანსწრაფულობა ყველა საფრთხესთან მიმართებით ყველა მოკავშირის დასაცავად. მოუთმენლად ველი თქვენს ხილვას მადრიდში", - ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის გამოგზავნილ წერილში.


აქვე აღნიშნულია, რომ იმავე შეხვედრაზე მიწვეული არიან ავსტრალიის თანამეგობრობის პრემიერ-მინისტრი, ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, იაპონიის პრემიერ-მინისტრი, კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი, შვედეთის პრემიერ-მინისტრი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და ევროკომისიის პრეზიდენტი.


ცნობილია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამ სამიტზე დასწრებას გეგმავს.

Читайте на сайте