World News

„ძლიერი საქართველო“ აცხადებს, რომ საოლქო კომისიებმა მათი საჩივრები არ დააკმაყოფილეს

ოპოზიციური პარტია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, მათ მიერ 73 საარჩევნო საოლქო კომისიაში შეტანილი საჩივრებიდან, ფაქტობრივად, არცერთი საჩივარი არ დაკმაყოფილდა.


ანა ნაცვლიშვილის თქმით, „ძლიერი საქართველო“ ითხოვდა ვერიფიკაციის აპარატებში ჩატვირთული სიებისა და ე.წ. ქვითრების სიების გასაჯაროებას.


როგორს ის აღნიშნავს, ეს სიები საკვანძო ინფორმაციას ინახავს არჩევნებზე ჩადენილი დანაშაულის შესახებ. ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ საოლქო კომისიები მოქმედებენ არა კანონით, არამედ დირექტივით, რომ „დანაშაული დაფარონ“.


„დანაშაულის მთავარი სამხილები ე.წ. სამაგიდო სიებში და ვერიფიკაციის აპარატებში ჩატვირთულ სიებშია. სწორედ იმიტომ, რომ დანაშაულის მთავარი სამხილები იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი, რაც ნათელს გახდის უპრეცედენტო გაყალბების და არჩევნების მიტაცების სქემას, „ძლიერმა საქართველომ“ 73 საოლქო კომისიაში შეიტანა საჩივარი, სადაც იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რაც არჩევნების მიტაცების სქემას ადასტურებს, ვითხოვდით საოლქო კომისიებისგან, რომ მომხდარიყო ვერიფიკაციის აპარატებში ჩატვირთული სიების და ე.წ. ჩეკების სიების გასაჯაროება. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელ უბანზე რომელი ამომრჩეველია დარეგისტრირებული, როგორც კენჭისყრაში მონაწილე. ეს არის სიები, რაც საკვანძო ინფორმაციას ინახავს ჩადენილი დანაშაულის შესახებ.


ნაცვლად იმისა, რომ საოლქო კომისიებს, როგორც ეს მათ კანონით ევალებათ, დამოუკიდებლად განეხილათ და მიეღოთ გადაწყვეტილება ჩვენს საჩივრებთან დაკავშირებით, „ძლიერი საქართველოს“ მოთხოვნები ტოტალურად არ დაკმაყოფილდა, რაც ადასტურებს: რომ სწორედ ეს სიები არის დანაშაულის მთავარი სამხილი, რომელსაც საოლქო კომისიები და მთელი საარჩევნო ადმინისტრაცია მალავს“.


„ძლიერი საქართველოს“ ლიდერი ამბობს, რომ ისინი სიმართლის დასადგენად გამოიყენებენ ყველა სამართლებრივ მექანიზმს.


საოლქო საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებებს სასამართლოებში გაასაჩივრებს სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმაც“.


2 ნოემბერს საჩივრები შევა გურჯაანის, მცხეთის, სიღნაღის, თეთრიწყაროს, ხაშურის, თელავის, გორის, ზუგდიდის, სენაკის, ფოთის, ახალციხის, ახალქალაქის, რუსთავის, ბოლნისის, ქუთაისის, ბათუმის საქალაქო და რაიონულ სასამართლოებში.


სადამკვირვებლო მისიამ 29 საარჩევნო ოლქში წარადგინა საჩივრები 246 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობის მოთხოვნით, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა შეადგენს 417 305 მოქალაქეს.


თუმცა, პირველ ნოემბერს, საოლქო საარჩევნო კომისიებმა უბნების ბათილობის მოთხოვნით წარდგენილი არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილეს.


პირველ ნოემბერს არ დაკმაყოფილდა არც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სარჩელები ხმის ფარულობის დარღვევისა და ხელახალი არჩევნების ჩატარების შესახებ. საიამ საოლქო კომისიებს 30 ოქტომბერს წარუდგინა საჩივრები, რომლებითაც ითხოვდა იმ 2263 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობას, სადაც პროცესი ტექნოლოგიური საშუალებებით ჩატარდა. ორგანიზაციის შეფასებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობა მასობრივად დაირღვა.


„24 მოსამართლეს, ვისაც დღეს და ხვალ ჩვენი 24 სარჩელი დაეწერება, ეძლევა შანსი, ეს აბსურდი დაასრულოს“, - თქვა საიას თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ.


26 ოქტომბრის არჩევნების ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების თითქმის 54%-ით „ქართული ოცნებაა“, ხმები კი ასე გადანაწილდა:



„ქართული ოცნება“ - 53.931%;
„კოალიცია ცვლილებისთვის“ - 11.035%;
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 10.167%;
„ძლიერი საქართველო“ - 8.81%;
„გახარია საქართველოსთვის“ - 7.768%.


ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ითხოვენ ახალ არჩევნებს, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.


არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.


26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს კრიტიკული საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა.


დასავლელი ლიდერები არჩევნების შეფასებისას იშველიებენ დამკვირვებლების დასკვნებს, რომლებშიც საუბარია იმ დარღვევებზე, რომლებიც ახლდა წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს.




 

Читайте на 123ru.net