კახაბერ ქემოკლიძემ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტი დატოვა
სახელმწიფო უსაფრთხოების ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კახაბერ ქემოკლიძემ თანამდებობა დატოვა. ქემოკლიძე, ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი იყო. იგი საქმიანობას შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორად აგრძელებს. ამ საკადრო ცვლილების შესახებ ინფორმაცია, რადიო თავისუფლებას თავად კახაბერ ქემოკლიძემ დაუდასტურა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ქემოკლიძის შემცვლელი ჯერ დანიშნული არ არის. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას სუს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა უთხრა. ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვინაობა სავარაუდოდ ერთ კვირაში გახდება ცნობილი, როცა ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება. ქემოკლიძის ინფორმაციით, ამ შეხვედრას თვითონაც დაესწრება და მხარეების წარმომადგენლებს ქართული დელეგაციის ახალ მთავარ მომლაპარაკებელსაც წარუდგენენ.