World News in Georgian

ბადრი ციქუბაძე - სამოქალაქო აქტივისტი

კვირა - 22 აპრილი


დღეს ბაღის დღე მაქვს. სულ რამდენიმე თვეა, ბაღი ვიყიდე, 15 მეასედი, და გადავწყვიტე მცირე ფერმერული მეურნეობა მომეწყო. ამბობენ, სოფლად, თუ მოიწადინე, არ გაგიჭირდებაო. ნიორი და ხახვი უკვე ამოსულია. დღეს კარტოფილის დღე მქონდა. უნდა ვაღიარო, საკმაოდ შრომატევადია, თან თითოეული კულტურის მოყვანას სპეციფიკური ცოდნა სჭირდება, მით უმეტეს, თუ ბიომეურნეობის მოწყობას გადაწყვეტ... მაღაზიებში ნაკლებად ხელმისაწვდომია ბიოპრეპარატები, თუმცა არსებობს ალტერნატივები. მაგალითად. ამონიუმის გვარჯილის ნაცვლად გამოიყენება დამწვარი ნაკელი, ბუგრის საწინააღმდეგოდ შხამის ნაცვლად - ნივრის ფოჩის ნაყენი და კიდევ უამრავი ხალხური მეთოდი, რომელიც ჯერ არ ვიცი.


ამბობენ, წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო და ვნახოთ, რა ნაყოფს გამოიღებს ჩემი მცდელობა, მაგრამ ერთი ეფექტი უკვე შევნიშნე: როდესაც ჩემი ხელით დათესილ აბიბინებულ მოსავალს ვუყურებ, გული სიამაყით მევსება და ბედნიერი ვარ. მუშაობის პროცესში საკუთარ თავთან ვრჩები და შესაძლებლობა მეძლევა დავფიქრდე, გავიაზრო, რა გზით მივდივარ. მოწყვეტილი ვარ დროის მჭამელ სოციალურ ქსელებს და გონებრივ სამუშაოს, რაც დღევანდელ ქაოტურ ცხოვრებაში დიდი ფუფუნებაა.


„ბარაქა შენს შრომას!“, - მომესალმა მხარზე თოხგადადებული ასაკოვანი კაცი. – „ლტოლვილი ხარ?“ - კი. - „საიდანა ხარ?“ – ცხინვალიდან. შენ საიდან ხარ? – „მე აჩაბეთიდანა ვაარ... ეეჰ, რა ადგილები დავკარგეთ... ახლა აქ რა მინდა, მარა რას იზამ, ასეთი ყოფილა ცხოვრება. ეს რა კარგი მოგიფიქრებია კარტოფილის კვალში თესვა. ჩვენ ვიხოცამთ თავს ბუდნების გაკეთებით... აბა, როგორ ივარგებს და მერმის მეც მასე ვცდი“... - მესიამოვნა, რომ როგორც დილეტანტს, რაღაც მაინც მაქვს გასაზიარებელი. -  „შვილო, ამ ნერგებს რომ უბარავ, ფესვები უზიანდება. ჩვენ სოფელში რიყის ქვებს ვუწყობდით გარშემო - არც ბალახი ამოდის და ფესვებს სინოტივესაც უნარჩუნებს“... - მოაყოლა კიდევ ერთი სასარგებლო რჩევა. – „მიხარია, ახალგაზრდებს კიდევ რომ აინტერესებთ მიწა. აბა, ყოჩაღად!“ - დამემშვიდობა ბერიკაცი და გზა გააგრძელა.







ორშაბათი - 23 აპრილი


დილა ყავით და სამუშაო მაგიდაზე დახვავებული ათასგვარი დოკუმენტით დავიწყე.  ოთხშაბათს პროექტის დახურვა მაქვს და ყველაფერი წესრიგში უნდა მქონდეს - ხელშეკრულებები, გადარიცხვები, საბოლოო ანგარიში. ასეა, როცა მცირე ორგანიზაციას წარმოადგენ მწირი ფინანსური რესურსით, გიწევს იყო ბუღალტერიც, პროექტის მენეჯერიც და საქმის მწარმოებელიც.


ბევრი სირთულე გვაქვს დამწყებ არასამთავრობო ორგანიზაციებს. დიდ გრანტებს არ გვაძლევენ, რადგან საკმარისი გამოცდილება არ გვაქვს. შემოწირულება ძნელი მოსაპოვებელია, მაგრამ თუ მოიპოვე, 20 პროცენტით იბეგრება, როგორც შემოსავალი, და ესეც არახელსაყრელია. საუკეთესო გამოსავალი მუნიციპალური დაფინანსების მოპოვებაა  20-პროცენტიანი თანამონაწილეობით, თუმცა არც ესაა იოლი. როდესაც წელიწადში 2-3 პატარა პროექტს ახორციელებ, თანხა არ გრჩება რეზერვში. ეგეც რომ არ იყოს, მუნიციპალიტეტი თავის წილ თანხას პროექტის დასრულებისა და სრული ფინანსური ხარჯვის  წარდგენის შემდეგ გირიცხავს. საიდან უნდა მოვიდეს ეს რესურსი, არავინ კითხულობს. თანამონაწილეობაში ვდებთ ხელფასს  ან პირად დანაზოგს. აი, ასე გვიწევს ილუზიონისტობა, რომ მთლად უმოქმედოდ არ დავრჩეთ.


უამრავი პროექტი კეთდება ჩვენი გაძლიერებისთვის და ცოდნის გადმოსაცემად. ეს კარგია,  მაგრამ არაა საკმარისი. ანკესს ჭიაც სჭირდება, რომ თევზის დაჭერა ისწავლო...


კიდევ ვაპირებდი წუწუნის გაგრძელებას, მაგრამ ელფოსტაზე გზავნილმა მომისწრო. კარგი გზავნილია, ღმერთმანი...


საგრანტო კონკურსში მეორე ეტაპზე გადავედით, ეს  საპროექტო განაცხადი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, ,,სურსათისა და სოფლის მეურნეობის დარგში მცირე და საშუალო საწარმოების მხარდამჭერი ინიციატივის“, ფარგლებში გავაკეთეთ, რაც  მიზნად ისახავს მცირე და საშუალო აგროწარმოების ევროკავშირის ბაზარზე გასვლაში დახმარებას, ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების გაძლიერების გზით - ესეც სავარაუდო ჭია ანკესისთვის.


სასწრაფოდ ვურეკავ ჩემს საუკეთესო მეგობარს და კოლეგას, ნინოს, და პროექტის მეორე ეტაპზე გადასვლას ვახარებ. აქვე ვუთანხმდები, რომ პროექტის დასამუშავებლად საღამოს 6 საათზე დავიწყოთ მუშაობა... რას იზამ, დასვენება სხვა დროს... საქმე საშურია, განაცხადის საბოლოო ვარიანტი 30 აპრილამდე უნდა გადავაგზავნოთ.


 


სამშაბათი - 24 აპრილი


წუხელ არ მეძინა...


დედას სპაზმური შეტევა ჰქონდა. უკვე ზეპირად ვიცი, რაც სჭირდება: ჟანგბადი, დექსამეტაზოლის ინექცია,  ნოშპის ხსნარი პეროლარულად და 5 წუთში მშვიდდება.


დილის 6-ისთვის ჩაეძინა.


საწოლისკენ მიმიწევს გული, მაგრამ ამის დრო აღარაა: ხვალ პროექტის დახურვაა, მანამდე კი არაერთი საორგანიზაციო საკითხია მოსასწრები...


საღამოს 7 საათისთვის თითქმის ყველა საქმე მოვასწარი, ლანჩის დრო შევათანხმო და შემიძლია მთელი არსებით გადავეშვა საწოლში.


თუმცა არა...


მატყობინებენ, რომ ბებოს ინსულტმა გაუარა და ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს.


სიტუაცია მძიმეა, პაციენტს ხელ-ფეხი და მეტყველების უნარი აქვს წართმეული.


დეიდა წუხს, რომ სასურველ საავადმყოფოში ადგილები არ არის.


მოგვიანებით გავარკვიეთ, რომ ჩვენს სასურველ საავადმყოფოში ადგილები ყოფილა და სასწრაფოდანაც არავინ დაჰკავშირებიათ ამის გასარკვევად.


დავიწყეთ სამზადისი სასურველ საავადმყოფოში გადასაყვანად. დიალოგი მკურნალ ექიმთან: იგივე მომსახურება უნდა გაუწიონ იქ, რაც ჩვენ, თუმცა ნება თქვენია. ვმსჯელობთ... ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ პაციენტისთვის უმჯობესია ისეთ დაწესებულებაში მკურნალობა, სადაც სანიტარიული ნორმები დაცულია და პაციენტს არ უყურებენ, როგორც მხოლოდ შემოსავლის წყაროს.  ვრეკავთ სასწრაფოში, სადაც უარს გვეუბნებიან სატრანსფერო მომსახურებაზე.


გვიწევს ვიქირაოთ კერძო კატასტროფის მანქანა + ვანაზღაურებთ საკმაოდ სოლიდურ თანხას, რაც საავადმყოფომ პაციენტისთვის 2 საათში გაწეულ მომსახურებაში მოითხოვა.


გზაში ვმსჯელობთ, რომ ეს ყველაფერი უსამართლობაა. ვის სცალია სასამართლოში სირბილისთვის, თორემ მადლია ამათზე სასამართლო წარმოების დაწყება.


მოგვიანებით მეგობარი ექიმისგან ვიგებთ, რომ სასწრაფოს კონკრეტულ საავადმყოფოსთან აქვს ხელშეკრულება დადებული და არაფრად დაგიდევს შენს სურვილს სხვა, შენთვის სასურველ საავადმყოფოში მოხვდე.


ესეც ჩვენი რეალობა...


ნეჟნა ბებო სოფელ ვანათში დაიბადა, გაჭირვებულ ოჯახში. მახსოვს, მიყვებოდა: როდესაც მე და ჩემი უფროსი და მინდორში ბატებს ვმწყემსავდით, უბიდან მჭადის კოკორას ამოიღებდა, შუაზე გატეხდა და მომცემდა - ეს ყველი, ესეც პურიო... იმდენად საოცნებო იყო, რომ, მართლაც, ყველის გემოზე ვჭამდი. წიგნების კითხვა მიყვარდა. დღე ვის ეცალა მისთვის: იქ კოლმეურნეობა, იქ ათასი საქმე... ღამე ვკითხულობდი ღუმელის ნაღვერდლის შუქზე. ერთხელ დედა სახლში არ იყო და გადავწყვიტე თონეში პური ჩამეკრა, მაგრამ ყველა ჩამიცვივდა, არადა, ფქვილი წელიწადში 1-2ჯერ თუ მოჰქონდა მამას ჯამაგირის სანაცვლოდ, სულ რამდენიმე მოზელა. ვდგავარ თონესთან აცრემლებული და განადგურებული. ამ დროს მამა მოვიდა სიცილით, თავზე ხელი გადამისვა და მითხრა, რა განერვიულებს, შვილო, შეცდომა თუ არ დაუშვი, ვერაფერს ისწავლი ცხოვრებაშიო. სამაგალითო მამა იყო, აცხონოს ღმერთმა...


დუხჭირ ცხოვრებაში განათლების მიღება ვერ მოახერხა, მაგრამ წიგნების სიყვარულის გამო სოფლის ბიბლიოთეკაში დაიწყო მუშაობა და თავისუფალ დროს ერთთავად კითხულობდა.   2008 წლის ომმა დააშორა სოფელსაც და საყვარელ ბიბლიოთეკასაც. ერთი რისი წამოღებაც მოასწრო, საკუთარი ლექსების რვეული იყო. დევნილობაშიც გააგრძელა წერა, მაგრამ, წინანდელთან შედარებით, მათში ახლა  მეტი ტკივილი და ნოსტალგია ჩანს. აი, ერთ-ერთი მათგანი:


ტყვიავის  ახლოს, გზის პირას,


ლიახვო, რომ დაგინახე,


გულიც ხომ გამისკდებოდა,


ახლოდან  რომ არ მენახე.


        ავტობუსიდან გადმოველ,


        მოსაფერებლად მოვედი,


        ერთმანეთს  მოვეფერეთ  და


        მერე გონს გვიან მოვედით.


გეფერე და გეალერსე,


საბაბიცა გვაქვს ამისი,


პეშვით წყალი ავივსე და


მთელ სხეულზე გადავისხი,


          ჩემო ლიახვო, პატარავ,


           ბედმა უკუღმა გვატარა,


           დაგვფანტა, დაგვაწინწილა


           როგორც კრუხი და წიწილა.


ზევიდან მოჭენაობდი


ფაფარაყრილი რაშივით,


სულ ყველა გეფერებოდით


პატარა, ნაზი ბავშვივით.


          შენ ის ლიახვი აღარ ხარ,


          იქ რომ მღეროდი რიხითა,


          ხე, ქვა და ღორღი მოგქონდა 


          ზათქით და რახირუხითა.


ახლა ხარ ღონემიხდილი,


წაგსვლია ფერი და ფური


ლასლასით ძლივსღა დადიხარ,


სახე დაკარგე მეფური.


           ასე რამ დაგაბეჩავა,


           რამ გაგიტეხა გულია!


           ლიახვი არა, თუ მკითხავ


          უფრო ხარ ნაკადულია.


შენც ხომ ლტოლვილი არა ხარ,


დევნილი შენი სახლიდან,


შენც ხომ ჩვენსავით არ იწყებ


ცხოვრების ათვლას ახლიდან.


          შენც ხომ გადინეს, ლიახვო,


          სისხლი, ცრემლი და იარა,


          ულმობელ ომის ქარცეცხლმა


          შენს გულზეც გადაიარა.


შენც ხომ დაკარგე ლამაზი


მთები, ჭიუხნი, ჭალები,


ჩვენსავით გამოიხურე


ხეობის რკინის კარები.


მოდი და ერთად ვიაროთ,


როგორც აქამდე გვივლია,


ოდითგან ჭირი და ლხინი


ხომ ერთად გამოგვივლია....


უკვე შუაღამის 2-ია. დღიურის წერას ვასრულებ და მოცელილი ვეშვები საწოლში...


 


ოთხშაბათი - 25 აპრილი


"წარმატების სტრატეგია" -  ასე ჰქვია პროექტს, რომლის სახელიც ნაპოლეონ ჰილისგან ვისესხე. აღნიშნული მოდულის შექმნა 4 წლის წინ გადავწყვიტე.  ვხედავდი, რამხელა ძალისხმევად და ფინანსურ დანახარჯად მიჯდებოდა დედაქალაქში სასურველ ტრენინგებზე სიარული და ცოდნის მიღება, ჩემს რეგიონში კი ახალგაზრდების დიდ ნაწილს მათზე ხელმისაწვდომობა არ ჰქონდა. გავაერთიანე, ჩემი აზრით, თანამედროვე ადამიანის სრულფასოვანი ფუნქციონირებისა და წარმატებისთვის აუცილებელი მიმართულებები: წარმატების ფორმულა, კონფლიქტის მართვა, დროის მენეჯმენტი, პიროვნული თავისუფლება, აზროვნების ეკოლოგია, პოზიტიური აზროვნების ფორმირება, მოვიწვიე საუკეთესო ტრენერები ამ საქმეში და დავიწყე პროექტების სერიის განხორციელება. აგერ, უკვე მე-17 2-თვიან მოდულს ვხურავთ.


დილიდანვე შევუდექი სამზადისს. 11-ზე ამ პროექტის ფარგლებში ბოლო შეხვედრა გვაქვს. პირველი არაა, მაგრამ მაინც მიმძიმს გამომშვიდობება, შევეჩვიე ბავშვებს...


გვქონდა გავლილი ტრენინგების მოკლე რევიუ, შემდეგ მონაწილეებმა მოლოდინების ხიდან გაიხსენეს, რას მოელოდნენ კურსიდან და შეაფასეს, რა მიიღეს. გულების დროც მოვიდა. ტრადიციულად, პროექტის ბოლოს ქაღალდის გულებზე ვუწერთ ერთმანეთს პოზიტიურ შეფასებებს და სურვილებს.


ამასობაში სტუმრებიც მოვიდნენ.


მოკლედ შევაჯამე  პროექტი, მისი შინაარსი და მნიშვნელოვნება, გავიხსენე ცოტა ხნის წინ მოსწავლეების ინიციატივით მოწყობილი ,,სიყვარულის, მეგობრობისა და მშვიდობის“ მხარდამჭერი აქცია. ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ ეს აქცია კონფლიქტისპირა სოფლებში მცხოვრები მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართა. ჯერ იყო მხიარული მსვლელობა  პლაკატებისა და  მუსიკის თანხლებით, მონაწილეები ქუჩაში შემხვედრთ ასაჩუქრებდნენ თავისივე მოგონილი პოზიტიური ტექსტებით, შემდეგ ქალაქის ცენტრში არსებულ სკვერში მოიხატა ასფალტი. ბევრი შეძლეს ამ ახალგაზრდებმა, გარშემო ყველა გაამხიარულეს...


იყო მონაწილეების, სტუმრების გამოსვლები, ტორტის გაჭრა, საერთო ფოტო და დამშვიდობების  დროც დადგა...


 


ხუთშაბათი - 26 აპრილი


დღეს განსაკუთრებული დღეა, სოფელში მივდივარ...


აი, გამოჩნდა ტრაფარეტი, სადაც დიდრონი ასოებით წერია ,,ცხინვალი“. ეს გზა ცხინვალამდე ვერა, მაგრამ ე. წ. საზღვრისპირა სოფელ კნოლევამდე აუცილებლად მიმიყვანს.


ცხინვალიდან დევნილობის შემდგომ ბავშვობის საუკეთესო წლები ამ სოფელში გავატარე. 9 წელი ვისწავლე სკოლაში, ვეზიარე სოფლის ცხოვრებას, მონაწილეობა მივიღე ისტორიული კალოს მოჭრაში და კევრით პურის გალეწვაში...


2008 წლის ომამდე სოფელი სავსე იყო ხალხით და ყვაოდა, შემდგომ დაიწვა საცხოვრებელი სახლები, გამყოფ ხაზს მიღმა მოყვა ტყე, საძოვარი მიწები, გადაიკეტა სარწყავი არხები, რამაც გაუსაძლის პირობებში ჩააყენა ადგილობრივი მოსახლეობა. ახალგაზრდობამ თავს ქალაქში გახიზვნით უშველა, გზებზე აბიბინდა ბალახი და ოდესღაც გამართულ ბაღ-ვენახებს სარეველა დაეპატრონა.


დასახლებაში შესვლისას თვალში მომხვდა ადგილშეცვლილი რუსული საგუშაგო. მანამდე ის შუა გზაზე იდგა, მოსახლეობაში გავრცელებული ინფორმაციით, აქ ბაზრის გახსნა უნდათ და ტრანსპორტისთვის გაათავისუფლეს ადგილიო. მეორენი ამბობენ, თუ ჩვენი მეზობელი ხელახალ პრევენციას გადაწყვეტს, გზა განთავისუფლებული ექნება სამხედრო ტექნიკასო. ეს ინფორმაცია არაა ოფიციალური და პირველწყაროს მიგნებაც თითქმის შეუძლებელია.


სოფლის ცენტრში დარგულ იფნის ხეებს ყლორტები ამოუყრია, იხარა...


შარშან ეს ხეები გორის სანერგე მეურნეობამ გადმოგვცა. ჯერ ბაღუკაა. ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია დაგვპირდა 100 ნაძვის ძირს. აი, იმასაც რომ დავრგავთ, სრულფასოვანი ბაღი იქნება. ,,მშვიდობის ბაღი“ - ასე დავარქვით საოკუპაციო მავთულხლართებისა და სოფელზე მომდგარი სამხედრო ტექნიკის სანაცვლოდ. ოშოც ხომ ამას ამბობდა, ,,თუ გინდა გააძლიერო სიკეთე, კონცენტრირდი მასზეო“.


სახლისკენ მიმეჩქარება...


ეზოში შესულს მამა მეგებება: „ მშვიდობა შენს გამოჩენას“...


აბა, როგორაა საქმეები?


„ვაშლის ძირები გავათეთრე, ფუტკარი შევწამლე, ახლა ცოტას დავისვენებ და ბაღის ღობეები უნდა გავამაგრო. ასეა, სოფელში რა დალევს საქმეს.


ტალავერს გავუმატე. როგორ მოგწონს?“


კარგია...


„მერმის, სულ ცოტა, 3 ტონა სუფთა გვექნება. ნეტამც მოიფიქრო და ცოლი მოიყვანო. წელსაც გვაქვს საკმარისზე მეტი...


ამ ხეივნის ქვეშ 300 კაცი მაინც დაეტევა“...


მე, ტრადიციულად, ვიღიმი და ვდუმვარ...


მოვათვალიერე ეზო. პაპას დამწვარი სახლიდან საძირკვლის კედლებიღაა დარჩენილი. მის უკან თონეა, რომელიც სასწაულებრივად გადაურჩა დანგრევას. მახსოვს, 5 წლის ვიყავი. დედამ პური ჩააკრა, შუალედში კი ჟურნალ „ცისკრიდან“ მეთევზის ისტორიას მიკითხავდა. იმდენად ემოციური  იყო ტექსტი, ორივე ვტიროდით. სწორედ მაშინ გამიჩნდა სურვილი დამოუკიდებლად მეკითხა...


წასვლის დროა....


ვემშვიდობები მამას და ვბრუნდები უკან, გონებაში აფორიაქებული ბავშვობის მოგონებებით.


ვბრუნდები იმ იმედით, რომ კვლავ ვიხილავ აქაურობას ხალხით სავსეს, გართულს ყველას თავის საქმეში, კვლავ გაივსება საკლასო ოთახები ბავშვებით და მშვიდობა არ იქნება მხოლოდ სუფრაზე წარმოთქმული სადღეგრძელოს ნაწილი.


 


პარასკევი - 27 აპრილი


ფეისბუკზე შეტყობინებაა, მარიამი გორის „მაცნედან“:


„შენს პროექტზე ვაკეთებ სტატიას, ხომ კარგი გოგო ვარ?“


ოქრო ხარ, ოქრო...


მაშ, მოკლე აღწერა გამიმზადე, ვისთვისაა ეს პროექტი და რა მიზნებს ისახავს.


„არის, უფროსო“...


წერილზე მუშაობა არ მქონდა დასრულებული და მოდის შემდგომი შეტყობინება: ნათია მწერს FASSI-დან, გთხოვ, 15 წუთი დამითმე და მომწერე, ახლა რაზე მუშაობთ, თუ რამე პროექტი გაქვთ, ასევე შენს თანამშრომლებზე მომწერე, რა პრობლემები გიდგათ, რა მიღწევები გაქვთ და, ზოგადად, რა ხდება თქვენი განვითარების კუთხითო.


- დღის ბოლომდე გავამზადებ.


მორიგი შეტყობინება ჩემს დეიდაშვილ სოფოს ეკუთვნის: „ძალიან საინტერესო ვაკანსია გამოჩნდა. გთხოვ სივის და სამოტივაციოს გადამიხედო, ხომ არ დაიზარებ?“



კარგი, გამოუშვი...


მოკლედ, დღეს წერის დღე მქონდა...


 


შაბათი - 28 აპრილი


შაბათი ქორწილის დღეა.


ვასომ და თეომ ერთმანეთი სოციალური ქსელის მეშვეობით გაიცნეს. სანამ ვასო უცხოეთში იყო, მიმოწერით შემოიფარგლებოდნენ, შემდეგ შეხვედრები... ერთი წლის სასიყვარულო მიმოწერისა და რომანების შემდეგ გადაწყვიტეს ოჯახის შექმნა.


ჯვრისწერის ცერემონიალი.


ქართლიდან იმერეთამდე ლენტებშებმული ავტომობილების მწკრივი საყვირების თანხლებით და ბედნიერებით გაჟღენთილი განწყობა...


თეფში კარში და ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი სიძის რაინდული შეტევა მასზე...


პირველივე სადღეგრძელო ჯიხვის რქით დაიწყო: სიძე-პატარძალს გაუმარჯოს!


ცეკვა-თამაშსა და სადღეგრძელოების თქმაში გაჯიბრება...


და ბახუსი...


ასე, პოზიტიურად დასრულდა ჩემი შაბათი დღე.


ვფიქრობ, ყოველი დღე პოზიტიური უნდა იყოს ადამიანებისთვის, თუმცა ჩვენს ემოციებს და განწყობებს, ვგონებ, ფაროსანას მსგავსი შეუჩნდა. მახსოვს, 90-იანებში არაფერი გვქონდა, გარდა დადებითი ემოციებისა. ყველას სახეზე ღიმილი დასთამაშებდა და მზად იყვნენ სიკეთის საკეთებლად. ახლა თითქოს ყველაფერი გვაქვს, თუმცა ყოველდღიური ბედნიერებისა და სიხარულის ადგილი აღარ დარჩა ჩვენს ცხოვრებაში. მომხმარებელ საზოგადოებად ვიქეცით, სულ უფრო მეტი მატერიალური გვინდა - ჩასაცმელი, ახალი აიფონი, კარგი მანქანა და ვინ მოთვლის, კიდევ რა არ. სულიერება კი მივაგდეთ სადღაც კუთხეში და აღარ გვახსოვს.


ვიმედოვნებ, დავიბრუნებთ ძველ სილაღეს და ყველა ერთად ვიცხოვრებთ მშვიდობიან, ბედნიერებით და სიყვარულით სავსე საქართველოში.

Читайте на сайте