IAEA: არ გვინახავს სანდო მტკიცებულება, რომ ირანმა 2009 წლის შემდეგ იმუშავა ბირთვულ იარაღზე
ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) განცხადებით, მას არ მოეპოვება სანდო მტკიცებულება, რომ ირანმა 2009 წლის შემდეგ იმუშავა ატომური "ასაფეთქებელი მოწყობილობის" შექმნაზე. სააგენტო აცხადებს, რომ ის ამ საკითხს დახურულად მიიჩნევს 2015 წლის დეკემბერში ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ. 2015 წლის ანგარიში ამბობდა, რომ სააგენტოს არ აქვს სანდო მტკიცებულება ირანში 2009 წლიდან მიმდინარე ქმედებებისა, რომლებიც ბირთვულ ასაფეთქებელ მოწყობილობაზე მუშაობის შესაბამისი იქნებოდა. 1 მაისს გავრცელებულ განცხადებაში სააგენტო ამბობს, რომ მისივე სტანდარტული პრაქტიკის თანახმად, სააგენტო აფასებს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ყველა ინფორმაციას, რაც კი მოეპოვება, "თუმცა, სააგენტოს პრაქტიკაში არ შედის ამგვარ ინფორმაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე საჯარო დისკუსიები". ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადება მოსდევს ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს გამოსვლას 30 აპრილს, რომელშიც მან თქვა, რომ ისრაელს მოეპოვება ახალი მტკიცებულება ირანში ბირთვული იარაღის გეგმაზე, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება მოვიდეს მოქმედებაში. 2015 წელს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან გაფორმებული ხელშეკრულებით, ირანმა შეკვეცა ბირთვული საწვავისთვის ურანის გამდიდრების პროგრამა, რათა გაეფანტა შეშფოთება, რომ მას ის შესაძლოა ბომბისთვის საჭირო მასალად გამოეყენებინა. სანაცვლოდ, თეირანს მოეხსნა საერთაშორისო სანქციების უმრავლესობა. მას შემდეგ გაეროს ბირთვული პროგრამის ექსპერტები რეგულარულად აცხადებენ, რომ ირანი ითვალისწინებს ხელშეკრულების პირობებს.