World News in Georgian

კატო ქოთოლაშვილი - სამოქალაქო აქტივისტი

12 აგვისტო, კვირა 


გავიღვიძე თუ არა, პირველი, რაც გამახსენდა, გუშინდელი ზარი  იყო რადიო თავისუფლებიდან და ცოტა დავსევდიანდი. არა, დღიურის წერა ჩემთვის სიახლე არაა, ბავშვობიდან ვაკეთებდი ჩანაწერებს ყოველდღიურად, დღემდე მაქვს შემორჩენილი რამდენიმე მათგანიც (მათ შორის ავნევში გატარებული ბოლო დღეებისაც), მაგრამ სულ სხვა საქმეა, როცა წინასწარ იცი, რომ ეს საჯაროდ უნდა წაიკითხო. ცხადია, ბევრად მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობ.


არ დავმალავ, გამიხარდა ეს შემოთავაზება, რადგან დაწყების დღიდან ამ პროექტის გულშემატკივარი ვარ. მგონი, ყველა წლის წიგნი მაქვს სახლში და  ბევრი საინტერესო ადამიანი კიდევ უფრო ახლოს გამიცვნია მისი საშუალებით. ჰოდა, ის ამბავი, რომ მეც მათ შორის მომიაზრეს, ძალიან მახარებს. მიუხედავად იმისა, რომ დღიურის წერის პერიოდი ჩემი შვებულების დღეებს ემთხვევა და, სავარაუდოდ, ცვლილების შეტანა მომიწევს მასში, მაინც მიხარია.


ავნევის დღიური ვახსენე. თან 12 აგვისტოა. მასეც რომ არ იყოს, ძალიან უნდა ეცადო,  რომ აგვისტოში ომის საშინელებაზე არ იფიქრო. მძულს ეს თვე, პირველივე წუთებიდან დაწყებული, ზუსტად იმ დროიდან, როცა პირველი იერიში მოიტანეს ნულზე და ავნევზე ნაღმმტყორცნებით. და მერე იყო დღეები 7 აგვისტომდე, ყოველდღიური დაძაბულობა, სროლები ყოველღამე, საღამოობით მეზობლების ეზოებში შეკრება. საუბარი კონფლიქტის სავარაუდო გაგრძელებაზე... მაშინ არავის გვეგონა, რომ  ბოლო დღეებს ვითვლიდით ავნევში. 7-ში დილით გორში  წამოვედით მე, ჩემი ძმა და ჩემი ბიძაშვილი. დეიდა და ბებო დარჩნენ. ჩვენც დავიბარეთ ამბავი, რომ იმავე საღამოს თუ არა, 8-ში აუცილებლად დავბრუნდებოდით. ვფიქრობდით, დაძაბულობა დიდხანს არ გაგრძელდებოდა და არ ღირდა ზაფხულის გაფუჭება ამის გამო. თუმცა 8-ში უკვე  გორიც დაიბომბა და რუსეთმა მას მერე ყველა ზაფხული გააფუჭა.  ათი წელი გავიდა და ჩვენ ჯერ კიდევ გზაში ვართ.


როგორც ბოლო ერთი კვირის მანძილზე, დღესაც ქარია გორში, თუმცა არც ისე ცივა, რომ ზამთრის სვიტრი და ჯინსის ქურთუკი ჩამეცვა მეგობრისთვის საჩუქრის ასარჩევად გასულს. სამარშრუტოში გაოცებული ადამიანების მზერას ვგრძნობ, თავზე კაპიუშონს ვიფარებ და  ჩავდივარ.




მთელი დღე ისეთი იყო, როგორც ერთ თავისუფალ დღეს და კვირას შეეფერება - გადარბენები პირად და "საზოგადო" საკითხებზე, ზარები ახლობლებთან, შორიდან მოკითხვები, ისევ გადარბენები და ა.შ.. მიუხედავად იმისა, რომ გორში ახლა არაფერი ხდება, მენატრება და მიყვარს ეს ქალაქი, ალბათ, უფრო იმიტომ, რომ მშობლიური ქალაქია და ბევრი საინტერესო მოგონება უკავშირდება მას. თანაც, გორი საუკეთესო ადგილია სამოქალაქო აქტივიზმისთვის, რადგან სულ რაღაცაა გასაუმჯობესებელი.


გასაპროტესტებელსაც რა გამოლევს: ხან ზებრა გადასასვლელებს არ ხაზავენ, ხან ურნებია დასადგმელი და დღემდე  ყველაზე მთავარ ბრძოლაში ვარ - ჯერ კიდევ სტალინის გამზირი გვაქვს და ამით ამაყობენ ადამიანები... რომ მახსენდება, იმდენ ფრონტზე მიბრძოლია გორში!... წარმოუდგენელია არ მიყვარდეს აქაურობა. მიუხედევად იმისა, რომ აქ ბევრჯერ ჩხუბის, ლანძღვის, აგრესიის ობიექტიც გავმხდარვარ, მაინც მშობლიური ქალაქია და აქ უფრო მეტია იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც მხარს მიჭერს, ვუყვარვარ და „ჩემიანია“.


ობიექტურად რომ შევხედოთ, თუ გორელი არ ხარ, ანდა მრავალფეროვანი სამეგობრო არ გყავს, განწირული ხარ მოწყენისთვის. მე ორივე პირობას ვაკმაყოფილებ, ამიტომ მოწყენის შანსი არ მაქვს. საღამოს თინას დაბადების დღე აღვნიშნეთ ახლად გახსნილ საცხენოსნო კლუბში, სადაც მშვენიერი, ფერადი და კრეატიული სივრცეა ე.წ ბარბექიუსთვისაც. ნამდვილად გამიმართლა, ასეთი მეგობრები რომ მყავს. მათთან ვერასოდეს მოიწყენ.


 


13 აგვისტო, ორშაბათი


დილა ადრე იწყება, 6-ზე.  დღეს ბოლო სამუშაო დღე მაქვს, ხვალიდან უკვე შვებულებაში ვარ. რამდენიმე თვეა, ყავას აღარ ვსვამ, თუმცა იმდენი ხანია, ჩემი ძმის მომზადებული ყავა არ დამილევია, შემოთავაზებაზე უარი ვერ ვთქვი. ჰოდა, დავლიეთ ყავა, ცოტა დარჩენილი ზაფხულის გეგმებზე ვისაუბრეთ და დავადექით თბილისის გზას, ის - „თეგეტა მოტორსში“, მე - საჯარო რეესტრში.


სექტემბერში ერთი წელი გახდება, რაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სანავიგაციო პროექტის თანამშრომელი ვარ. საჭირო პროექტია - მალე საქართველოს სანავიგაციო სისტემა ექნება. ახლა საველე სამუშაოები მიმდინარეობს და მთელი ქვეყნის  მასშტაბით ელექტრონულ რუკაზე დაგვაქვს კვების, განთავსების, მომსახურების ობიექტები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები - მოკლედ, ყველა ტიპის ობიექტი, გარდა კერძო საცხოვრებელი სახლებისა, რათა ტურისტებისთვის და ასევე საქართველოს მოქალაქეებისთვის ადვილად მისაგნები იყოს.


პროექტი ჩემი პროფესიისა და ბოლო წლების სამუშაო გამოცდილებისგან ძალიან შორს დგას, თუმცა მოტივაცია, იყო ეროვნული პროექტის ნაწილი, მნიშვნელოვანია, ამიტომ დიდი ინტერესით ველოდები საბოლოო პროდუქტს.


ამის გარდა, საქმე ახლოს დგას ჩემს ჰობისთან - სულ ვმოგზაურობ. ყოფილა დღეები - წინა საღამოს ზღვაში გვიცურავია, დილით ბახმაროსკენ თოვლში გაგვიკვალავს გზა, მეორე დღეს კი გომის მთაზე, ღრუბლებს ზემოთ, ავსულვართ. ამ მოგზაურობაში ჩემთვის საინტერესო კიდევ ისაა, რომ ვესაუბრები ადგილობრივ მოსახლეობას, ვეცნობი იქაურ წესებს, კოლორიტულ ადამიანებს, ტრადიციებს, კუთხურ თავისებურებებს. არასოდეს დამავიწყდება ახალქალაქში ე. წ. წუწაობის დღესასწაულზე (სომხურად „ვარდავარ“ რქმევია)  რომ მოგვიწია ჩასვლამ და სამუშაოდ ჩასულები დიდ გაუგებრობაში მოვხვდით. ტრადიციის თანახმად,  ამ დღეს წყლის შესხმა და დასველება ბედნიერების მომტანი ყოფილა, ამიტომ ყველა, აბსოლუტურად ყველა, ქუჩაში წყალს გვასხამდა. ჩვენ კი, სანამ გავარკვევდით რა ხდებოდა, თავი საშინელებათა ფილმში გვეგონა - ახალქალაქი ჩვენს წინააღმდეგ. ასევე არასოდეს დამავიწყდება მომდევნო დღეს, ფარავნის ტბიდან წალკისკენ მიმავლები, სოფელ საყდრიონში ბერძნულმა სათვისტომომ თავიანთ დღესასწაულზე რომ მიგვიწვია. სუფრა გზის პირას, ტაძრის ეზოში, ჰქონდათ გაშლილი. ადგილობრივები და ასევე სპეციალურად საბერძნეთიდან დაბრუნებული ბერძნები, სომხები და ქართველები ერთად აღნიშნავდნენ ბერძნულ დღესასწაულს. ჩვენც შევუერთდით ცოტა ხნით, მოვისმინეთ მათი ისტორია, ქვეყნისთვის თავდადების მაგალითები, ვიხალისეთ მათთან ერთად.


როგორ უნდა დამავიწყდეს რაჭველი ჯემალ რეხვიაშვილი, სოფელ ჭიორიდან, საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, ნაკითხი, უდიდესი ინტელექტისა და ცოდნის მქონე დამიანი,  რომელმაც უამრავი საინტერესო ამბავი გაიხსენა, ახლომდებარე მთებისა და მწვერვალების ისტორიები გვიამბო. ჰოდა, გარდა ეროვნულ საქმეში მონაწილეობის მოტივაციისა, კიდევ ამიტომაც მიყვარს ჩემი სამსახური - საშუალებას მაძლევს ყოველდღე რაღაც სიახლე აღმოვაჩინო და დავრწმუნდე, თუ როგორი საინტერესო, მრავალფეროვანი ქვეყანა გვაქვს.


 


14 აგვისტო, სამშაბათი


შვებულების პირველი დღე გაციებით და 37° ტემპერატურით დავიწყე. სამწუხაროა. თუმცა, როგორც არ უნდა გაგრძელდეს ჩემი "ავადმყოფობა", არ ვაპირებ გეგმები შევცვალო: ჯერ ზღვა ანაკლიაში, მერე მაღალმთიანი აჭარა და ბოლოს - თრუსოს ხეობა ან პირიქითა ხევსურეთი. წამლებს  ვყიდულობ, განწყობა რომ არ გამიფუჭდეს. 


თავისუფალი დრო კარგი შესაძლებლობაა მეტი ფიქრისთვის, რეფლექსიისთვის, მივიწყებული საქმეების გახსენებისთვის, მათი გაანალიზებისთვის. ჩვენი საქმის გამოძიების დეტალები ვკითხე მეგობარს. როგორც გაირკვა, საქმე პროკურატურას გადასცემია, რადგან მუქარა იკვეთება ზოგიერთი ადამიანის კომენტარიდანო. რამდენიმე კვირის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ გორის ოფისის განცხადების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო საინიციატივო ჯგუფ „მაროს“ წევრების მიმართ შესაძლო მუქარასა და შეურაცხყოფაზე ინტერნეტში. საინიციატივო ჯგუფი „მარო“ ამ სახელწოდებით მიმდინარე წლის მაისიდან მუშაობს, ისე კი, უკვე სამი წელია, სხვადასხვა აქტივობებს ვახორციელებთ - ზოგს პარტიზანულად, ზოგსაც ხილულად. ჩვენი მიზანი საბჭოთა წარსულის სწორი გააზრება, კანონის - "თავისუფლების ქარტიის" - აღსრულებაზე მუშაობა, რუსული რბილი ძალისა და ტოტალიტარიზმის საფრთხეების შეფასება და ანტიდასავლური მითების შესახებ საზოგადოების ინფორმირებაა, რისთვისაც ყოველი წლის მაისში ევროპის დღეებს ვაორგანიზებთ. წელს ერთ-ერთი ინიციატივა, რომელიც გავაჟღერეთ და რომელზეც, უკვე დიდი ხანია, ვმუშაობთ, საზოგადოებისთვის პეტიციის წარდგენა იყო, რომლითაც გორში არსებული სტალინის გამზირისთვის სახელის ცვლილებას ვითხოვდით. სწორედ ამ ინიციატივაზე მომზადებულ მასალას მოჰყვა მუქარის, ლანძღვის შემცველი და შეურაცხმყოფელი კომენტარები. ათასზე მეტი გამოხმაურებიდან 99 % იყო უარყოფითი. საოცარია, ადამიანები მზად არიან სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაგეკიდონ, ოღონდაც "დიდი ბელადის" ხსოვნას არაფერი დააკლდეს. და სწორედ ამ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. იმედი მაქვს, ყველას ან ზოგიერთ მათგანს მაინც გააფრთხილებს სასამართლო, რომ არ შეიძლება განსხვავებული აზრის გამო ადამიანს შეურცხყოფა მიაყენო და დაემუქრო. ვიცი, რომ აუცილებლად შეეცვლება სტალინის გამზირს სახელი, რადგან ისტორიული სამართლიანობა და კანონი ჩვენს მხარეზეა. უბრალოდ, დროისა და ჩვენი ნერვების საკითხია.


 


15 აგვისტო, ოთხშაბათი


გვიან ავდექი. შვებულება მაქვს და არსად მეჩქარება. ერთადერთი, რაც დღეს უნდა მოვასწრო, ბარგის ჩალაგებაა.  ფეისბუქს ვსქროლავ და ყველა "ტვინების განძრევაზე" საუბრობს. მივყვები ჯაჭვს და პირველი რგოლი სალომე ზურაბიშვილთანაა. როგორც ჩანს, მორიგი გამონათქვამით მიიპყრო ჩვენი ყურადღება. აჰ, ჟურნალისტებისთვის უთქვამს, ცოტა ტვინებიც გაანძრიეთო. ძალიან მინდა წელს, როგორც არასდროს, ისეთი აქტივობა დაფიქსირდეს და სალომე არ აირჩიონ პრეზიდენტად, იმიტომ რომ წარმოუდგენელია გყავდეს პრეზიდენტი, რომლის მთავარი ფუნქცია, კი არა და, მთავარი უფლებამოსილებაა იყოს უმაღლესი მთავარსარდალი და, ამასთან ერთად, იყოს რუსული პოლიტიკის ღია თუ ფარული მხარდამჭერი, რომელმაც კანდიდატად დარეგისტრირებამდეც საკუთარი თავი უკვე პრეზიდენტად მოიხსენია და თქვა, რომ ის, როგორც პრეზიდენტი, თვლის, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი საქართველომ დაიწყო. ცუდ სიზმარშიც არ მინდა წარმოვიდგინო ასეთი უმაღლესი მთავარსარდალი, რომელიც საერთაშორისო შეხვედრებზე მსგავსი პათოსით ისაუბრებს.  მთელი ცხოვრება ვფიქრობ, ვმუშაობ, ვიბრძვი იმისთვის, რომ მეტი ქალი იყოს გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე, თუმცა რად გინდა... იმედი მაქვს, "რა გამოვიწერეთ და რა ჩამოვიდა" არ დაგვემართება.


შუადღით ბებიაჩემთან ჩავედი. წინა მივლინების შემდეგ არ მინახავს, ამიტომ ბევრი დაუგროვდა  გასახსენებელი  და მოსაყოლი. როგორც ყოველთვის, იწყებს გორით და აგრძელებს ავნევით. ათი წელი გავიდა ომის შემდეგ და ჩვენთან დღეც არ გასულა ავნევის გარეშე. ყველა ფაქტს, მოქმედებას, ისტორიას იქაური პარალელი აქვს. ახლაც ნაყინი მივუტანე და სანამ ვჭამდით, მიყვებოდა  "მემაროჟნე კაცის" შესახებ, რომელსაც,  ბებიაჩემის აზრით, აგარიდან უნდა ევლო. მოდიოდა თურმე ხან მოტოციკლით, ხან მანქანით, ხან  ველოსიპედით და ზოგჯერ ცხინვალის ავტობუსსაც კი მოჰყვებოდა. მერე უბნებს ფეხით შემოივლიდა, ყველა ბავშვს რომ გაეგო მისი მოსვლა. ბებიაჩემს აინტერესებს, ახლა როგორაა ის კაცი და სად ყიდის ნაყინს. პასუხი არ მაქვს. ფეისბუქზე მინდოდა ამ ისტორიის მოყოლა, მაგრამ დრო არ არის, სხვა დროს მოვყვები.  ადრე ბევრს ვწერდი ხოლმე ბებიაჩემზე, ჰეშთეგიც მაქვს #სალომეს ამბები ავნევიდან, ჰოდა მოგვიანებით ვიკითხავ, იქნებ ვინმემ იცოდეს მისი ისტორია.


ორი დღეა, ლევანს, ჩემს ძმას, ვთხოვ სოფელში წამიყვანოს. რა ხანია, მშობლები არ მინახავს და რაღაცნაირად ვგრძნობ თავს. 2008 წლის შემდეგ საბოლოოდ გადავიდნენ ზემო ხვედურეთში მუდმივად საცხოვრებლად და მას მერე სულ გზაზე ვართ. ბოლო  დროს განსაკუთრებით გამიმძაფრდა შეგრძნება, რომ მათთან ნაკლები ურთიერთობის გამო რაღაც მნიშვნელოვანს ვტოვებ და ოდესმე  აუცილებლად ვინანებ. მამამ გასული წლის მაისში ინსულტი გადაიტანა, მას შემდეგ თითქმის ქმედობაუუნაროა, ამიტომ მთელი ტვირთი დედას დააწვა მხრებზე, თან - სოფლის ცხოვრების ტვირთი.   ძალიან წვალობს. ამაზე რომ ვფიქრობ, ვსევდიანდები, მაგრამ ჯერ გამოსავალს ვერ ვხედავ. ერთადერთი, რაც შემიძლია, მათზე შორიდან ზრუნვაა. გავდივარ, წნევის მარეგულირებელ წამლებს ვყიდულობ,  ხვალ ჩემი და ავტობუსს გაატანს. მე კი საბოლოოდ გადავწყვიტე მართვის მოწმობა ავიღო.


 


16 აგვისტო, ხუთშაბათი


ხანგრძლივი და დამღლელი მგზავრობის შემდეგ ანაკლიაში ვართ. საოცარი ადგილია - სუფთა ზღვა და სანაპირო, სიმშვიდე, ნაკლები ხალხი.  საოცარი ადგილია იმითაც, რომ მას შემდეგ, რაც პირველად ვნახე, 2013 წლის შემდეგ, აქ არაფერი შეცვლილა: ისევ იგივე მშენებარე შენობებია, იგივე ჯიხურები დგას.  ა, ერთი სიახლეა, პორტი შენდება, რის გამოც გზებია გადაკეტილი და ჩვენი „გესთჰაუსიდან“ ზღვამდე 5 წუთი რომ უნდა დაგვჭირვებოდა, ახლა  ნახევარი საათის სავალ გზად იქცა. არადა, დასასვენებლად ჩამოვედით. 


ჰო, კიდევ ერთი საოცრება აქაური ფასებია სურსათზე, თითქმის ორმაგი, მაგრამ ზღვის და დასვენების ხათრით ამასაც ავიტანთ.


შუადღით სამაგისტრო გამოცდების პასუხები დაიდო. ჩავიჭერი. ლოგიკასა და მათემატიკაში კომპეტენციის ზღვარი ვერ გადავლახე. ცოტა გული დამწყდა მხოლოდ იმიტომ, რომ არაა სასიამოვნო შეგრძნება, როცა აცნობიერებ: თურმე, სინამდვილეში, აზრზე არ ყოფილხარ. ხუმრობა იქით იყოს და მიუხედავად იმისა, რომ წელს სწავლის გაგრძელებას არ ვაპირებდი, მაინც მერჩივნა არ ჩავჭრილიყავი. არა უშავს, იქნებ ჭკუა ვისწავლო. ასე ხდება, როდესაც ისე იღებ გადაწყვეტილებას, რომ დარწმუნებული არ ხარ, ნამდვილად გინდა თუ არა, ანდა როცა რაღაც გინდა, ყველაფერს არ აკეთებ მის მისაღწევად. სკოლა 16 წლის წინ დავამთავრე და მას მერე თექვსმეტჯერაც კი არ დამჭირვებია "მიმატება-გამოკლება-გამრავლება-გაყოფაზე" მეტი მათემატიკა და ბოლო სამი დღის ნაცვლად მეტი დრო უნდა დამეთმო გასახსენებლად. რაც შეეხება ლოგიკას, წინა საღამოს, მას მერე, რაც წაკითხულის გააზრებისა და ანალიტიკური წერის გამოცდიდან გამოვედი, მაშინ წავიკითხე სავარჯიშოების პრინციპი. ცხადია, არ აღმოჩნდა საკმარისი. ამიტომ, სრულიად დავიმსახურე ასეთი შედეგი. ველოდი კიდეც, რომ ასე იქნებოდა. ესეც უკვე თავის მართლებას ჰგავს საკუთარი თავის წინაშე. თუმცა სანამ ამ წარუმატებლობაზე საუბარს დავასრულებ, უნდა აღინიშნოს, რომ კიდევ ერთი სიბრძნე თუ შეგონებაც დადასტურდა ამ ფაქტით: რადგან წელს სწავლის გაგრძელებას არ ვაპირებდი, ვფიქრობდი, საბუთებს შევიტან, ერთი სემესტრის საფასურს გადავიხდი და მომავალ წელს გავაგრძელებ-მეთქი. ბუნებრივია, ალბათ, შვებულების დღეების გამოყენება დამჭირდებოდა, ან  სამსახურიდან გაშვება უნდა მეთხოვა ამ საკითხების მოსაგვარებლად. რომ დავფიქრდი, დამეზარა პროცედურები. ერთი ორჯერ გავიფიქრე, რომ ჩავიჭრა, რამდენ საზრუნავს ავიცილებ-მეთქი. ასე აგიხდეთ ყველაფერი კარგი. ამიტომ "ოცნებებთან ფრთხილად", ისინი შეიძლება მართლა ახდეს.   ასე დაკარგა სამყარომ საბჭოთა კვლევების მომავალი მაგისტრი.


 


17 აგვისტო, პარასკევი


გუშინდელი პროგნოზი არ გამართლდა და არაჩვეულებროვი ამინდია ანაკლიაში. მიუხედავად იმისა, რომ შვებულებაში ვარ, პარასკევს კიდევ დამატებითი ხიბლი აქვს. დილა ყავით იწყება მეგობრებთან ერთად, მერე პლაჟი, ზღვა, ცურვა, ფრიზბის თამაში. როგორ ბანალურადაც უნდა ჟღერდეს, ზღვა ძალიან მიყვარს. სულ ვამბობ ხოლმე: ხომ შეიძლებოდა ისე გამმართლებოდა და ისეთ ადგილას მეცხოვრა, რომ ერთი ხელის გაწვდენაზე მყოლოდა. მაგრამ არა, სეზონიდან სეზონამდე, შესაძლებლობიდან შესაძლებლობამდე ველოდები, როდის მექნება მისი აღმატებულების ნახვის სიამოვნება. ყველა სეზონზე მინახავს და აღვფრთოვანებულვარ მისით, მაგრამ განსაკუთრებით მიყვარს,  როცა სიღრმეში შევდივარ. დიდხანს ვცურავ უკანმოუხედავად. რაღაც დროის მერე, როდესაც ნაპირს გამოვხედავ და ხალხს ძალიან შორს ვხედავ, ის რამდენიმეწამიანი შიში მიყვარს, როცა ვფიქრობ, შევძლებ თუ არა მისგან თავის დაღწევას და უკან გასვლას, თან რომ იცი, რომ აუცილებლად უნდა გახვიდე, ყველაფერს გააკეთებ რომ გახვიდე... სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რას ვგრძნობ ამ დროს. ყოველ წელს ველი ამ მომენტს, თითქოს ერთგვარ რიტუალს ვასრულებ. წლევანდელი რიტუალი წარმატებით შესრულდა.


 


18 აგვისტო, შაბათი


ძლივს გავაჩერეთ ანაკლია-ზუგდიდის ავტობუსი და  ყავის სმით, ნაწილ-ნაწილ  ჩავსხედით. მე თბილისში მივდივარ, რადიო თავისუფლებაში დღიურების ჩასაწერად, მიხო, გიორგი და მიშა - სურსათის საყიდლად ზუგდიდში. მძღოლი, მეგრული აქცენტით გვეკამათება, რომ დროს ვაკარგინებთ. ჩვენ ბოლო ადგილებზე ვსხდებით უჩუმრად, თვალში რომ არ მოვხვდეთ.


ზუგდიდიდან თბილისისკენ ათის ნახევარზე დავიძარით.  წინ დიდი გზაა. გონებაში ვაწყობ ამბებს - დრო როგორ გავიყვანო.


ფეისბუქზე ისევ გუშინდელი თემაა აქტუალური. გენო პეტრიაშვილისა და სხვა მოჭიდავეების ფოტო რუსულდროშიანი მაისურებით... გუშინაც აღვნიშნე: გული მწყდება, ამ ამბავში გენოც რომაა გარეული. ზუსტად ვიცი, რომ გაუცნობიერებლად გააკეთა და მაგაზე კიდევ უფრო მეტად დამწყდა გული. ვიცი, რომ მასაც ჩემზე არანაკლებ სტკივა 2008 წლის ამბები. როგორც მე დავკარგე სოფელი, ისე - მან, მე - ავნევი, გენომ - ნული. წლების წინ, ბავშვობაში, ერთ ჭალაში ვთამაშობდით, როდესაც გაიტაცეს და რამდენიმეკვირიანი ტყვეობისა და, ალბათ, უდიდესი სტრესის შემდეგ გამოუშვეს. ამიტომ ზუსტად ვიცი, ძალიან აწუხებს რუსეთ-საქართველოს ომისა და ოკუპაციის თემა, მაგრამ ვფიქრობ, მეტი პასუხისმგებლობა მართებდა და განმარტება, რომ "დროშის ფერებისთვის ყურადღება არ მიუქცევია",  გამართლება არ არის. მესმის და შესაძლებელია ადამიანურად მხარში დაუდგე კოლეგას, მით უმეტეს, მეგობარს, მაგრამ როცა საქმე ეხება ოკუპანტი ქვეყნის ეროვნული ნაკრების მწვრთნელს, თან პარტიულს/პარლამენტარს, შენ კი ოკუპირებული ქვეყნის ეროვნული ნაკრების წევრი ხარ, ჩემპიონატზე იმყოფები სახელმწიფოს სახელით,  დროშის ფერებსაც უნდა მიაქციო ყურადღება და მეგობრულად უარი უნდა უთხრა ასეთი ფორმით მხარდაჭერაზე.  უნდა გაითვალისწინო ქვეყნის კონტექსტი, დრო, გულშემატკივართა აზრი და ცოტა მეტად სახელმწიფოებრივად მიუდგე; უნდა ხვდებოდე, რომ ასეთი ქმედებები რუსეთის წისქვილზე დაასხამს წყალს და თავის სასარგებლოდ გამოიყენებს - ისევე როგორც სალომე ზურაბიშვილის განცხადება ომის დაწყების შესახებ ატრიალეს რუსულმა არხებმა ნიშნის მოგებით. ამაშია საქმე, თორემ ჩემთვის გენო პეტრიაშვილი რომ მოღალატე არაა, ცხადია, და არც  მის პატრიოტობაში მეპარება  ეჭვი.


განვლილ ერთ კვირასა და დღიურებზე ვფიქრობ. ნეტავ, ხომ არ ჯობდა სხვა თემებზე გამეკეთებინა აქცენტი? ან უფრო პირადი ყოფილიყო, ან, პირიქით, მეტად საჯარო საკითხებზე მეწერა?  ნეტავ საინტერესოდ მოვყევი? ხომ არაფერი გამომრჩა? ზუსტად ვიცი, ბევრი რამ გამომრჩა და რაც უნდა დამეწერა, ეს გრძნობა მაინც მექნებოდა. დღიურის წერისას კი არა, სულ მაქვს შეგრძნება, რომ შეიძლება რაღაც მნიშვნელოვანს ვტოვებ, გაუცნობიერებლად. კარგია წინა დღეების დარედაქტირების შესაძლებლობა რომ აღარ მაქვს,  თორემ დიდი შანსია, ბევრი რამ შემეცვალა "ცივი გონებით". არადა,  რაც უნდა გამომრჩენოდა, დღიური მაინც ბუნებრივი უნდა იყოს, ამიტომ ჯობს დარჩეს პირველი ვარიანტი.


უკვე გორთან ვარ. ერთ საათში თბილისში ვიქნები. ამიტომ დროა, თავისუფლების დღიური აქ  დავასრულო. ზოგადად კი, შეიძლება განვაგრძო კიდეც წერა. ისეთ საინტერესო დროში ვცხოვრობთ და იმდენი მნიშვნელოვანი რამ ხდება ჩვენს ირგვლივ, რატომაც არა...




 

Читайте на сайте