World News in Georgian

საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგში მესამე სახელმწიფოთაშორისი საჩივარი წარადგინა

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 21 სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საქართველოს სახელით შეიტანა ახალი სახელმწიფოთაშორისი საჩივარი - „საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“. სამინისტროს თანახმად, საჩივარი ეხება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროვების, დაკავებების, თავდასხმებისა და მკვლელობების ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რომელიც განსაკუთრებით გაძლიერდა 2008 წლის ომის შემდეგ და კრიტიკულ ზღვარს მიაღწია მიმდინარე წლის თებერვალში არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და მკვლელობის დროს.


„საქართველოს მოთხოვნაა, რომ ევროპულმა სასამართლომ დაადგინოს რუსეთის პასუხისმგებლობა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევისთვის. კერძოდ, განგრძობადი ოკუპაციით, მავთულხლართების გაბმითა და საქართველოს მოსახლეობის მიმართ წარმოებული მიზანმიმართული კამპანიით რუსეთის მიერ ირღვევა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების აკრძალვა), მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება), მე-13 (სამართლებრივი ქმედითი საშუალების უფლება) მუხლები, პირველი ოქმის პირველი (საკუთრების უფლება) და მე-2 (განათლების უფლება) მუხლები, მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი (მიმოსვლის თავისუფლება).

ამასთან, ამ დარღვევებს აქვს დისკრიმინაციული მოტივი და მიზნად ისახავს ეთნიკური ქართველების კიდევ უფრო მეტად შევიწროებასა და დაშინებას, რათა ხელი შეუშალოს საქართველოს მოსახლეობის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დაბრუნებას. შესაბამისად, ირღვევა კონვენციის მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) და მე-18 (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) მუხლები კონვენციის მე-5 მუხლთან (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), პირველი ოქმის პირველ (საკუთრების უფლება) და მე-2 (განათლების უფლება) მუხლებსა და მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლთან (მიმოსვლის თავისუფლება) ერთობლიობაში.“-აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.


საქართველოს სახელმწიფოს ამ დრომდე რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ორი სახელმწიფოთშორისი დავა ჰქონდა. მათ შორის რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის საქმეზე დავა საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. მეორე საქმე 2008 წლის აგვისტოს ომს შეეხება და მასზე გადაწყვეტილება ჯერ არ გამოცხადებულა.

Читайте на сайте