94 წლის ასაკში გარდაიცვალა ფრანგი მომღერალი, შარლ აზნავური
საფრანგეთის მედია იუწყება, რომ 94 წლის ასაკში გარდაიცვალა მომღერალი შარლ აზნავური. მომღერალს, რომელიც სომხურ ოჯახში დაიბადა და დაბადებისას ერქვა შაჰნურ ვარინაგ აზნავურიანი, 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი ჰქონდა გაყიდული 80-ზე მეტ ქვეყანაში. მას ხშირად უწოდებდნენ საფრანგეთის ფრენკ სინატრას. აზნავურმა მუსიკალური კარიერა დაიწყო 1940-იანი და 1950-იანი წლების ფრანგი მუსიკოსების, მათ შორის ედიტ პიაფისა და მორის შევალიეს სიმღერების სტილში. კომპოზიტორის ნიჭი მან მაშინ აღმოაჩინა, როცა კაბარეებში გამოდიოდა პარტნიორ პიერ როშესთან ერთად - როშე ფორტეპიანოზე უკრავდა, აზნავური მღეროდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დუეტი ედიტ პიაფმა შეამჩნია და ისინი ტურნეში წაიყვანა აშშ-სა და კანადაში. ამ პერიოდში აზნავურმა დაწერა ედიტ პიაფის რამდენიმე ყველაზე ცნობილი ჰიტი. ახალგაზრდა აზნავური პარიზის მარცხენა სანაპიროზე გაიზარდა. მამამისი მომღერალი იყო და თან მზარეულად და რესტორნის მენეჯერად მუშაობდა, მისი დედა მსახიობი იყო. აზნავურის პირველი საჯარო გამოსვლები სომხურ ცეკვებში იყო - მისი მამა და უფროსი და, აიდა მღეროდნენ, ახალგაზრდა შარლი კი ცეკვებს ასრულებდა.