World News in Georgian

გრიგოლ ვაშაძე: ჩვენ დავბრუნდით 70-იანი წლების სიცილიაში

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის ინტერვიუს საგანგებო ბრიფინგით ეხმაურება და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება იმ სკანდალური ჩანაწერებისა და განცხადებების შესახებ, რომელიც ბოლო დღეებია მედიის საშუალებით ვრცელდება: „ყველამ ვიცოდით, რა რეალობაშიც ვცხოვრობდით, მაგრამ გუშინდელმა საღამომ და დღევანდელმა დილამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სახელმწიფო გასულია სამართლებრივი და კონსტიტუციური სფეროებიდან. ის, რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ, ეს არის პირდაპირი გზა, რომელიც მიდის ჩვენი ერის სახელმწიფოებრიობის დაკარგვისკენ. მაფიამ დაგვაბრუნა არა 90-იანი წლების საქართველოში, არამედ დაგვაბრუნა 90-იანი წლების რუსეთში, სადაც ბიზნესს აუთოებდნენ და 70-იანი წლების სიცილიაში, სადაც მაფიის გაგრძელება იყო პოლიცია, მაფიის გაგრძელება იყო პროკურატურა. ის ინსტიტუტები, რომელიც ეფექტურად მუშაობდნენ, რომლებიც სახელმწიფოს ინტერესების დაცვისთვის ზრუნავდნენ, ის ინსტიტუტები, რომლებსაც კანონი უნდა დაეცვათ, დღეს გადაქცეულია მაფიის ფინანსური ინტერესების დაცვისკენ მიმართულ განშტოებად. გაერთიანებული ოპოზიცია კატეგორიულად მოითხოვს აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ყველა ჩანაწერზე და დაიკითხოს ყველა ის პირი, რომელიც ამ საქმეში მონაწილეობს“.


30 სექტემბერს, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ზაზა ოქუაშვილმა „რუსთავი 2“-ს განუცხადა, რომ რამდენიმე წლის წინ შეხვდა ბიძინა ივანიშვილს, შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა მაღალჩინოსნები, მათ შორის, მაშინდელი ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია, სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი და ამ შეხვედრაზე მას მოსთხოვეს 4 მილიონის გადახდა. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ღიმილისმომგვრელი უწოდა ბრალდებებს, რომ ხელისუფლება ზეწოლას ახდენს და ახდენდა ბიზნესსა და მედიაზე.  ბრალდებებს უარყოფს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიაც.

Читайте на сайте