ჯუმბერ პატიაშვილი: ამ წერილს ოც წელზე მეტხანს ვმალავდი
” პატრიარქის წერილს, დაახლოებით, ოც წელზე მეტხანს არ ვაქვეყნებდი… შემდეგ ჩემს წიგნში – “23 წლის შემდეგ” შევიტანე… კითხვა დაგებადებათ, რას ნიშნავს 23 წელი და მოგახსენებთ: ველოდებოდი, რომ 9 აპრილის ტრაგედიის მერე, ტრაგედიის უშუალო მონაწილეები, ორგანიზატორები გამოვიდოდნენ და სიმართლეს იტყოდნენ. ჭეშმარიტებას ფარდას ახდიდნენ სამართალდამცველები, მოსკოვში შესაბამისი პირები…
ეს ხალხი ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, არავინ არაფერი თქვა… ერთხელ, შევარდნაძეს სესიაზე მივმართე, ერთმანეთთან კითხვები გვაქვს და უნდა დავსხდეთ – ვისაუბროთ-მეთქი… ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ ადგა იგი და გაიპარა”, – ამბობს ქვეყნის ყოფილი პირველი პირი ჯუმბერ პატიაშვილი… იგი განსაკუთრებით ამაყობს, რომ უწმინდესთან – ილია მეორესთან ყოველთვის საუკეთესო ურთიერთობა ჰქონდა და სამების აშენების იდეაც მისი მმართველობის დროს გაჩნდა…
ამონარიდი წიგნიდან – “23 წლის შემდეგ”
ჯუმბერ პატიაშვილი:
– ბევრს დღესაც ჰგონია, რომ კომუნისტური ეპოქა რელიგიისა და სამღვდელოების არსებობას არ ცნობდა, არადა, ცენტრალურ კომიტეტში, მინისტრთა საბჭოსთან სპეციალური სამსახური არსებობდა, რომელიც სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობებს არეგულირებდა.
მის უწმინდესობასაც პირადად პირველად მაშინ შევხვდი, როცა რესპუბლიკის ხელმძღვანელი გავხდი. ვერ ვიხსენებ ვერც ერთ წინადადებას, რომლითაც საპატრიარქოს, პირადად პატრიარქს მოუმართავს ჩვენთვის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნობის დროს და იგი დადებითად არ გადაწყვეტილა.