დაძაბულობა მაღალი რჩება, ვაშინგტონის მხრიდან ირანის პასუხის ლოდინის ფონზე
ირანი აშშ-ს სდებს ბრალს სპარსეთის ყურეში ბოლო შეტაკებებსა და ესკალაციაში - იმ ფონზე, როცა ვაშინგტონი თეირანის პასუხს ელოდება ომის დასრულების თაობაზე ბოლო წინადადების შესახებ.
აშშ-ის მაღალჩინოსნები, მათ შორის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო 8 მაისს ამბობდნენ, რომ რამდენიმე საათში ელოდნენ ირანის პასუხს აშშ-ის მხრიდან გაკეთებულ წინადადებაზე - რომლის ფონია ცეცხლის შეწყვეტის მყიფე შეთანხმება და ჰორმუზის სრუტესა და მის გარშემო გაგრძელებული შეტაკებები.
თუმცა თეირანის პასუხი ჯერჯერობით არც 9 მაისს გავრცელებულა - ირანმა მხოლოდ მოკლე განცხადება გააკეთა, რომლითაც კითხვებს უსვამს ვაშინგტონის სერიოზულ მიმართებას მოლაპარაკებებთან.
"ამერიკის ძალების მხრიდან სპარსეთის ყურეში დაძაბულობის ბოლო ესკალაცია და მათი უამრავი ქმედება, რომლითაც ცეცხლის შეწყვეტის [შეთანხმება] დაირღვა, აძლიერებს ეჭვებს ამერიკის მხარის მოტივაციასა და სერიოზულობაზე დიპლომატიისკენ გზაზე" - თქვა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაყჩიმ სატელეფონო საუბარში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰაკან ფიდანთან. მინისტრის სიტყვებს ავრცელებს ნახევრადოფიციალური საინფორმაციო სააგენტო ISNA.
ერთი დღით ადრე, რომში ვიზიტისას რუბიომ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ირანის პასუხს 8 მაისს ელოდა. "იმედი მაქვს ეს სერიოზული შეთავაზება იქნება - ნამდვილად მაქვს იმედი" - დასძენდა რუბიო.
ამ განცხადებას ტრამპმაც მხარი დაუჭირა ტელეკომპანია CNN-თან საუბარში - განაცხადა, ისინი წესით დღეს ღამით უნდა შეგვეხმიანონო.
ამავე დროს, რუბიომ ძლიერად დაუჭირა მხარი აშშ-ის არმიის ბოლო ქმედებებს სპარსეთის ყურეში და უარყო ირანის მცდელობა ემართა ხომალდების მოძრაობა ჰორმუზის სრუტეში - სტრატეგიულ საზღვაო მარშრუტზე, რომელზეც მსოფლიოში ნავთობისა და გაზის მიწოდების დაახლოებით მეხუთედი მოდის.
"ირანი ახლა აცხადებს, რომ ისინი ფლობენ, რომ მათ აქვთ უფლება მართონ საერთაშორისო საზღვაო არხი ... ეს არის მიუღებელი რამ, რის ნორმალურად გადაქცევასაც ისინი ცდილობენ" - თქვა რუბიომ მას მერე, რაც მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ თეირანი ქმნის ხომალდებისთვის სრუტეზე გავლის უფლების გამცემ სააგენტოს.
რუბიოს თქმით, სპარსეთის ყურეში ბოლო შეტაკებები მოხდა მას მერე, რაც ირანის ძალებმა ამერიკის საზღვაო ხომალდები ამოიღეს მიზანში.
ირანი აცხადებს, რომ კონფრონტაციას წინ უძღოდა აშშ-ის ხომალდების თავდასხმა ირანის სამოქალაქო ტანკერზე, ჰორმუზის სრუტესთან ახლოს.
შეტაკებების მიუხედავად, საჯაროდ ორივე მხარე აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტა ძალაში რჩება.