World News in Georgian

რა ქონება გადაუფორმა ოთარ ფარცხალაძემ შვილს

ბინები, ნაკვეთები თუ სასტუმროს ნომერები, რომლებსაც აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძე საქართველოში ფლობდა, ამჟამად მისი ვაჟის საკუთრებაშია.

ქონების გადაფორმების პროცედურები 20 სექტემბრით თარიღდება. სწორედ ამ დღეს განაცხადა იუსტიციის სამინისტრომ, რომ მიზანშეწინილადაა მიჩნეული ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა, 1 დღით ადრე კი “ქართული ოცნების” ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ იუსტიციის სამინისტროს უკვე დაწყებული ჰქონდა ფარცხალაძის მოქალაქეობის საკითხის შესწავლა.

საჯარო რეესტრის მიხედვით, ჩუქების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ განცხადებები რეესტრის ეროვნულ ბიუროში 12:00 საათის შემდეგ (12:16-12:18 დროის მონაკვეთში) დარეგისტრირდა. ერთმანეთის მიყოლებით 12 განცხადებაა შესული, ერთი და იმავე მოთხოვნით. იცვლება მხოლოდ ნაჩუქარი უძრავი ქონების ნაირგვარობა და მისამართები.

რეესტრის ბაზაში ატვირთული დოკუმენტის მიხედვით, ერთ-ერთი ობიექტი, რომელიც ფარცხალაძემ თავის შვილს, ანდრია ფარცხალაძეს აჩუქა, თბილისში მოქმედი კომპანია “ჯიპიეს კონსალტინგია”. მისი იურიდიული მისამართია კოსტავას ქუჩა #60. ამ კორპუსში მდებარე 2 ბინას ახლა უკვე ფარცხალაძის შვილი ფლობს.

ოთარ ფარცხალაძემ შვილის, ანდრია ანზორ ფარცხალაძის სახელზე 12 უძრავი ქონება გადააფორმა | თითოეული ქონების დაჩქარებული წესით შვილისთვის გადასაფორმებლად ფარცხალაძემ 350 ლარი გადაიხადა:
ოთარ ფარცხალაძემ ანდრია ანზორ ფარცხალაძეს გადასცა:
სასოფლო სამეურნეო მიწა ტაბახმელაში, სოფელი წავკისი – 1001 კვადრატი;
სასტუმრო კომპლექსში ნომერი ბაკურიანში დიდველის ქუჩა – 25.28 კვადრატი;
სასტუმრო კომპლექსში ნომერი ბაკურიანში დიდველის ქუჩა – 26.04 კვადრატი;
კომერციული ფართი ვაკეში, ფალიაშვილის ქუჩა – 143.25 კვადრატი;
კომერციული ფართი ვაკეში ფალიაშვილის ქუჩა – 336.24 კვადრატი;
კომერციული ფართი ვაკეში ყიფშიძის ქუჩა – 101.31 კვადრატი;
კომერციული ფართი ვაკეში ყიფშიძის ქუჩაზე – 204.16 კვადრატი;
ბინა საბურთალოზე მგალობლიშვილის ქუჩა (მშენებარე) – 77.51 კვადრატი;
ბინა საბურთალოზე კოსტავას ქუჩა – 90.69 კვადრატი;
ბინა საბურთალოზე კოსტავას ქუჩა – 38 კვადრატი;
სასოფლო სამეურნეო მიწა ტაბახმელაში, სოფელი წავკისი – 1030.00 კვადრატი;
სასოფლო სამეურნეო მიწა ტაბახმელაში, სოფელი წავკისი – 2058.00 კვადრატი – ამ მიწის ფართობზე ეკლესიაცაა.

Читайте на сайте