ლევან ხაბეიშვილზე თავდამსხმელ ძალოვნებს პატიმრობა შეეფარდათ
პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილზე, 2024 წლის აპრილში ძალადობის გამო დაკავებულ ძალოვნებს, ცოტა ხნის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან გელოვანმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების მოქმედი უფროსსა და შსს-ს თანამშრომელს პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას ედავება.
არც ერთ დაკავებულს ადვოკატი არ ჰყავს. საქმეს გრიფი „საიდუმლო“ ადევს. ხოლო სასამართლო სხდომა დახურულია.
ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე მოითხოვდა ბრალდებულებისთვის წაყენებული მუხლის გადაკვალიფიცირებას - წამების მუხლად, რადგან მისი თქმით, ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს ცხრა ადამიანი 27 წუთის განმავლობაში აწამებდა.
დღესვეა დაგეგმილი ზვიად მაისაშვილსა და გურამ როგავაზე მოძალადე სპეცრაზმელების სასამართლო სხდომაც.
როგორც საქმის პროკურორმა, ლაშა გამყრელიძემ განაცხადა, ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს.
"მათი პოზიცია იყო, რომ ისინი აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს და ისინი დაეთანხმნენ მათ მიმართ პატიმრობის გამოყენებას. სხდომა დახურულია, მიზეზი გახდა სხდომის მონაწილეთა პირადი უსაფრთხოება. საქმეზე არაერთი საგამოძიებო მოქმედებაა ჩატარებული, გამოკითხულია 550-მდე პირი, გამოთხოვილია ასეულობით ვიდეოჩანაწერი და განხორციელდა ამ ვიდეოჩანაწერების დათვალიერება. საქმე თავისი მოცულობით ძალიან მნიშვნელოვანია.
ლევან ხაბეიშვილი დაბარებული იყო დაკითხვაზე და მან თავისი სურვილით უარი განაცხადა ინფორმაციის მოწოდებაზე. თუ მას ექნება სურვილი, მონაწილეობა მიიღოს გამოკითხვაში, ბუნებრივია ის გამოიკითხება. ხაბეიშვილის ეპიზოდზე ბრალდებულები გახლავთ გგდ-ს ყოფილი თანამშრომლები, მათ შორის ერთ-ერთი არის სუს-ის მოქმედი თანამშრომელი“, – განაცხადა გამყრელიძემ.
პროკურატურის ბრიფინგი7 მაისს, პროკურატურამ 2024 წლის პროდასავლური აქციების დროს დემონსტრანტ ზვიად მაისაშვილზე, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილსა და ჟურნალისტ გურამ როგავაზე ძალადობის ფაქტზე სულ ხუთი ადამიანი დააკავა, მათ შორის სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე შსს-ს დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი.
პროკურატურის მიხედვით, ხუთივე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარედგინება, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს.
ხოლო როგავას ეპიზოდზე დაკავებულს დამატებით წარედგინება ბრალდება 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით, უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე. წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კობახიძის კომენტარი სპეცრაზმელების დაკავებაზე„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 9 მაისს ჟურნალისტების კითხვას, რატომ დასჭირდა მოძალადე სპეცრაზმელების დაკავებას ორი წელი, უპასუხა, რომ „მთავარია, რომ სამართალი აღსრულდა“.
მისი განცხადებით, ხელისუფლებას ტვირთად აწვა სამართალდამცველების მიერ ჩადენილი ძალადობრივი ფაქტები:
„ორი კვირის წინ კიდევ ერთხელ, ღრმად ჩავიხედეთ ყველაფერში, მოხერხდა ბრალის გამოკვეთა ვიმოქმედეთ მაღალი პასუხისმგებლობით. ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა და ეს ხელწერა ბოლომდე უნდა დავიცვათ და ამისათვის მნიშვნელოვანი ნებისმიერ სამართალდარღვევაზე რეაგირება “, - განაცხადა კობახიძემ და შსს-ს და გდდ-ს მადლობა გადაუხადა.
აქციების დროს სხვა დაშავებულების მიმართ ძალადობის ფაქტებს, მათ შორის ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და მის ოპერატორზე, კობახიძე ამბობს, რომ „სხვადასხვა მიმართულებით არის სისხლის სამართლის საქმეები აღძრული და მთავარია მოხერხდეს დამნაშავეთა გამოკვეთა“.
ძალადობა დემონსტრაციებისასმასშტაბური საპროტესტო დემონსტრაციები მოჰყვა მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადებას, რომ საქართველო დღის წესრიგში „2028 წლამდე“ აღარ დააყენებს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების გახსნას. დემონსტრაციები ძალის გამოყენებით ჩაახშეს. არაერთ ჟურნალისტს ძალადობით შეუშალეს ხელი საქმიანობაში.
დემონსტრაციების მონაწილე ასობით მოქალაქე დააკავეს, ათობით მათგანს კი ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს.
ჟურნალისტების საქმიანობაში ხელშეშლის, მათზე ძალადობის, - ისევე როგორც დემონსტრანტებზე ძალადობის, - გამო პასუხისგებაში ხელისუფლებას ამ დრომდე არავინ მიუცია.
აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა რამდენიმე ქვეყანამ ფინანსური და სავიზო შეზღუდვები დაუწესეს მათ, ვისაც უწოდეს დემოკრატიულ უკუსვლაზე, მათ შორის დემონსტრანტებზე ძალადობაზე პასუხისმგებელი ადამიანები.
"ფორმულის" ჟურნალისტური გამოძიებადღეს, 7 მაისს, პროკურატურაში დისტანციურად გამოჰკითხეს ტელეკომპანია "ფორმულის" ყოფილი ჟურნალისტი გურამ როგავა. საქმე ეხებოდა ტელეკომპანიის ჟურნალისტურ გამოძიებას, რომლის თანახმადაც, გამოავლინეს გურამ როგავაზე 2024 წლის ნოემბრის აქციებისას თავდამსხმელის სავარაუდო ვინაობა.
ამ ადამიანის შესახებ ინფორმაცია მანამდე საგამოძიებო უწყებას არხის ჟურნალისტმა ელისო ჯარიაშვილმაც მიაწოდა.
თავდასხმა გურამ როგავაზეგურამ როგავაზე ამ დრომდე უცნობმა, ნიღბიანმა სამართალდამცავმა - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა, - 2024 წლის 29 ნოემბერს, გვიან ღამით, აქციის დაშლის დროს იძალადა.
გურამ როგავა პირდაპირ ეთერში აშუქებდა აქციის დარბევას - პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. მასზე ძალადობის კადრი რადიო თავისუფლებამ გადაიღო. დარტყმის შემდეგ პოლიციელი გაიქცა.
ლევან ხაბეიშვილის ცემა2024 წლის 1 მაისს, როცა პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო „აგენტების კანონი“, საპროტესტო აქციაზე ოპოზიციონერ დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს სასტიკად სცემეს. პოლიტიკოსი ამბობდა, რომ მასზე სამართალდამცავებმა იძალადეს.
იმავე დღეს სცემეს კიდევ ერთ ოპოზიციონერ დეპუტატს, ალეკო ელისაშვილს.
ხელისუფლების პოზიცია სპეცრაზმელების იდენტიფიცირებაზე"ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლები შეკითხვებზე, გამოძიების მიმდინარეობის მიუხედავად, რატომ არ იყვნენ გამოვლენილი ძალადობაში მონაწილე სამართალდამცველები, იმეორებდნენ, რომ ამას მათი იდენტიფიცირების შეუძლებლობა ართულებდა.
"ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2025 წლის სექტემბერში განაცხადა კიდეც, რომ შესაძლოა მომავალში მიეღოთ ზომები, რომლებითაც სპეცრაზმელების იდენტიფიცირება გაადვილება.