"საქართველოსთვის "სოკართან" არსებული სტრატეგიული ურთიერთობა უმნიშვნელოვანესია"-კვირიკაშვილი
საქართველოს პრემიერმინისტრის და აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგო კომპანიის ხელმძღვანელის მოლაპარაკებები ტექნიკურ დეტალებზე შეთანხმებით დასრულდა.
გიორგი კვირიკაშვილი და როვნაკ აბდულაევი საქართველოსთვის აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდების საკითხებზე შეთანხმდნენ. შეხვედრას ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე და სოკარ საქართველოს მმართველი მაჰირ მამედოვიც ესწრებოდნენ.
შეხვედრის შემდეგ მხარეების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ იმუშავებენ აზერბაიჯანის მიერ მოწოდებული აირის მოცულობის გაზრდაზე და მომავალში იმპორტის გაფართოვებაზე.
„მინდა ავღნიშნო ის სტრატეგიული ურთიერთობები, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ იმ უამრავი პოლიტიკური სპეკულაციის მიუხედავად, რომელთა მოწმეც გავხდით, საქართველოსთვის სოკართან არსებული სტრატეგიული ურთიერთობა უმნიშვნელოვანესია. მზად ვართ, განვიხილოთ ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების საკითხი სამომავლოდ. მზად ვართ, გადავწყვიტოთ ყველა შესაძლო პრობლემა და ვფიქრობ, რომ არანაირი ტექნიკური პრობლემა არ უნდა იქცეს ჩვენი თანამშრომლობის განვითარების დაბრკოლებად,“ - აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.