თავდასხმა "ნაციონალურ მოძრაობაზე"-მელიას, ბოკერიას, მინაშვილსა და პარტიის სხვა ლიდერებს სასტიკად გაუწორდნენ
ზუგდიდის რაიონში ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა, თუმცა სოფელ კორცხელში საარჩევნო პროცესი ყველაზე ხმაურიანად წარიმართა. დილიდან ადგილზე მობილიზებული იყვნენ მოკრივეები და მორაგბეები. კურიერის ეთერში მათ შესახებ ინფორმაციის გასვლიდან ცოტა ხანში ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს სპორტსმენები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ადგილობრივების თქმით ჩხუბის დასრულებამდე ადგილზე არ გამოჩენილა საპატრულო პოლიცია.
ნაციონალურ მოძრაობაში საგანგებო ბრიფინგი გამართეს და მომხდარზე პასუხისმგებლობა მთავრობას, პრემიერსა და ბიძინა ივანიშვილს დააკისრეს. ოპოზიციის ბრალდებებს უპასუხეს ქართულ ოცნებაში. კახა კალაძის თქმით კორცხელში მომხდარი ინციდენტი ნაციონალური მოძრაობის მიერ იყო პროვოცირებული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე 125-ე მუხლით აღძრა, რაც ცემას გულისხმობს, თუმცა განმარტა, რომ სამართალდამცველებმა მომხდარზე რეაგირება მყისიერად მოახდინა. როგორც ცნობილი ხდება ცოტა ხნის წინ დაკითხვაზე იმყოფებოდა თენგიზ გუნავა. მან პოლიციის განყოფილება უკვე დატოვა. ამ ეტაპზე კორცხელში მომხდარ ინციდენტზე არავინ დაუკავებიათ.
კორცხელის ინციდენტზე დღესვე კომენტარი გააკეთა ცესკო-ს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ და მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა, რასაც გოკა გაბაშვილმა "სამარცხვინო განცხადება" უწოდა.