"ქართული ოცნება" -ზონდერები კორცხელში ბოკერიას დავალებით მოქმედებდნენ
კიდევ ერთი ბრიფინგი ქართულ ოცნებაში. ამჯერად დღეს კორცხელში მომხდარ დაპირისპირებაზე განცხადება, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა მამუკა მდინარაძემ გააკეთა. მან ის ადამიანები დაასახელა, რომლებმაც მისი თქმით, კორცხელში საარჩევნო უბანთან დაპირისპირება გამოიწვიეს. მდინარაძე ამბობს, კორცხელში ნაციონალური მოძრაობის „ზონდერები“ მომხდარ ინციდენტში გიგა ბოკერიას დავალებით მოქმედებდნენ.
„მინდა წარმოგიდგინოთ ზონდერ ჯგუფის წევრები, რომლებიც ზაზა კედელაშვილის მეთვალყურეობით, ნაციონალური მოძრაობის ლიდერის , გიგა ბოკერიას მითითებით არეულობის მოწყობას გეგმავდნენ. ესენი არიან: რუსლან შამახია, სამეგრელოს კუდ-ის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ სულუხია, თავისუფალი ზონის წევრი, რომელიც 2012 წლამდე ზუგდიდის საკრებულოში მუშაობდა, თენგიზ ჭანია, ასევე ზონდერი, ანრი ბიჭინოვი, ილია მარტყოფლიშვილი, ირაკლი ჭანტურია და თეიმურაზ ლუთიძე“, - განაცხადა მდინარაძემ.
რაც შეეხება სპოტსმენებს, რომლებიც დღეს სოფელ კორცხელში იმყოფებოდნენ, მდინარაძის თქმით, ისინი იყვნენ პარტიის წევრები.
„ისინი იყვნენ პარტიის სხვა წევრებთან ერთად მათთან მივიდნენ ეს ადამიანები, მოაწყვეს პროვოკაცია, შეურაცხყოფა მიაყენეს არა მხოლოდ მათ, ადგილობრივი მოსახლეობას, ჟურნალისტებს მათ შორის და სწორედ ამან გამოიწვია შემდგომში ჩხუბი და დაპირისპირება,“-განაცხადა მდინარაძემ.