მე-18 მუხლი მიმართულია ხელისუფლებების წინააღმდეგ - ევა გოცირიძე მერაბიშვილის საქმეზე
სახალხო დამცველის განცხადებით, ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტზე გამოძიება აქამდეც უნდა ჩატარებულიყო.
„გამოძიება უნდა დაწყებულიყო კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით, როდესაც ივანე მერაბიშვილის გაყვანა მოხდა დაწესებულებიდან. სახალხო დამცველი პირველივე დღიდან გამოძიების ჩატარებას ითხოვდა, თუმცა ეს არ მოხდა. სამწუხაროა ქვეყნის რეპუტაციისთვის, როდესაც ევროსასამართლოს გადაწყვეტილება ხდება საფუძველი გამოძიების დაწყებისთვის. ამ საქმეში ხარვეზები რომ იყო, ეს ჩანს,“- განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით კომენტარი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ევა გოცირიძემაც გააკეთა. მისი თქმით, მე-18 მუხლი, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაშია, საკმაოდ მნიშვნელოვანი მუხლია, რომლითაც უპრეცედენტო გადაწყვეტილებებია გამოტანილი.
„ეს არის შესანიშნავი დამცავი მუხლი, რომელიც მიმართულია ხელისუფლებების წინააღმდეგ, რათა თავიანთი უფლებამოსილებანი, მათ შორის ადამიანის პატიმრობა, თუნდაც საწყისი პატიმრობა, იყოს კანონიერი, არ იყოს გამოყენებული დამატებით სხვა მიზნებითაც,“- განაცხადა ევა გოცირიძემ.
ავტორი: ნათია გოგსაძე.