თბილისში ფიქრობენ, რომ რეგიონის გეოპოლიტიკური რუკა არ შეიცვლება

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთმა ბოლო დღეების განმავლობაში ნატოსგან და ევროკავშირისგან შენიშვნები დაიმსახურა, თბილისში ფიქრობენ, რომ რეგიონის გეოპოლიტიკური რუკა არ შეიცვლება. 

გარდა ამისა, თბილისში მიაჩნიათ, რომ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია თურქეთის როგორც ძლიერი ნატოს წევრი ქვეყნის არსებობა. 

"ის გამოწვევები, რაც არის, ეს რეგიონის გამოწვევაა. თურქეთი არის ნატოს წევრი უმნიშვნელოვანესი ქვეყანა, ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ თურქეთი, როგორც ძლიერი ნატოს წევრი ქვეყანა, იყოს სტაბილური, ძლიერი და დემოკრატიული," - აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ელენე ხოშტარია. 

ამავე თემაზე ისაუბრეს თავისუფალ დემოკრატებში. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ჩიქოვანი ფიქრობს და იმედს გამოთქვამს, რომ ნატოსა და თურქეთს შორის ურთიერთობები არ გაფუჭდება. აქვე ჩიქოვანი აცხადებს, რომ აუცილებელია საქართველო უფრო მეტად დაუახლოვდეს თურქეთს. 

"გეოპოლიტიკური რუკა, იმედი მაქვს, რომ არ შეიცვლება. წარმოუდგენელია ვისაუბროთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე და ამაში არ გავითვალისწინებთ თურქეთს, როგორც პარტნიორს და რუსეთს, როგორც მტერს. ჩვენი თანამშრომლობის გზები თურქეთთან უნდა იყოს მაღალ ეფექტიანი,"- აცხადებს ჩიქოვანი. 

ამავე თემაზე ისაუბრეს ექსპერტებმა, რომელიც ამბობენ, რომ საქართველომ რეგიონში არსებული ვითარება საკუთარი ინტერესებისთვის უნდა გამოიყენოს. 

"ასეთი ახალი გარემოებები, რომელიც შეიქმნა, იძლევა საშუალებას, რომ საქართველომ მოახდინოს საკუთარი უსაფრთხოების დაყენების საკითხი და მეტი დამატებითი მექანიზმები მიიღოს, როგორც თავის უსაფრთხოების კუთხით. საქართველომ მაქსიმალურად მეტი შედეგი უნდა აიღოს შავ ზღვაზე შექმნილი მექანიზმებისგან და აქტიურად უნდა ჩაერთოს პროცესში,"- განაცხადა ბათუ ქუთელიამ. 

Читайте на сайте