პრეზიდენტი კორცხელის ინციდენტის საფუძვლიანად გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს
საქართველოს პრეზიდენტმა დღევანდელ ბრიფინგზე კორცხელის ინციდენტსა და მისი საფუძვლიანად გამოძიების აუცილებლობაზე ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ კორცხელის ინციდენტის გამოძიება ბევრ კითხვაზე გასცემს პასუხს.
დაპირისპირება კორცხელში 22 მაისს მოხდა. შუალედური არჩევნების დროს სამეგრელოში, სოფელ კორცხელში, 53-ე საარჩევნო უბანთან ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს ფიზიკურად ქართული ოცნების მხარდამჭერები გაუსწორდნენ.
ნაციონალურმა მოძრაობამ მომხდარიდან მალევე ინციდენტის ორგანიზებაში ხელისუფლება, კონკრეტულად კი ენერგეტიკის მინისტრი, კახი კალაძე დაადანაშაულა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაპირისპირებაში მონაწილე 6 პირს ბრალი ხულიგნობის მუხლით წარუდგინა. სასამართლოში კი პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ნაცვლად მხოლოდ გირაო მოითხოვა და სასამართლომ ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
გასულ პარასკევს ცნობილი გახდა, რომ კორცხელის სკანდალური დაპირისპირების მონაწილე სპორტსმენები მილანსა და ნიუ-იორკში მოგზაურობენ.
ინციდენტის რამდენიმე აქტიური მონაწილე ბოლოს გუშინ სამეგრელოში ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენაზე გამოჩნდა.
ავტორი: ეკო მაღრაძე.