ბრიტანეთის ელჩი საქართველოში იმედს გამოთქვამს, რომ "რუსთავი 2-ის" სარედაქციო მენეჯმენტი არ შეიცვლება
ბრიტანეთს საქართველოში რამდენიმე კვირაში ახალი ელჩი ეყოლება. 24 აგვისტოს მოქმედ ელჩს ვადა ეწურება, რის გამოც ალექსანდრა ჰოლ ჰოლი საქართველოს დატოვებს. ბრიტანელი დიპლომატი საქართველოში ოჯახთან ერთად 3 წელია ცხოვრობს.
წასვლამდე ელჩმა პოსტსკრიპტუმის გადამღებ ჯგუფს ვრცელი ინტერვიუ მისცა. ამბობს, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს კარგად იცნობს, ეცნობა დეტალურად ყველა სიახლეს და ცდილობს პირველი წყაროდან მიიღოს ინფორმაცია.
ალექსანდრა ჰოლ ჰოლი ფიქრობს, რომ საქართველოში ყველაზე დიდი გამოწვევა ეკონომიკას აქვს.
"გამოკითხვებიდანაც ჩანს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა, სიღარიბე და უმუშევრობა რჩება მთავარ გამოწვევებად. კვლევები გვიდასტურებს, რომ ხალხში არის იმის განცდა, რომ პოლიტიკოსებსა და ამომრჩევლებს შორის არ არის საკმარისი ურთიერთობა. მნიშვნელოვანია თავისუფალი მედიის არსებობა და მნიშვნელოვანია სისტემის მიმართ ნდობის შენარჩუნება,"- აცხადებს ბრიტანელი დიპლომატი.
ალექსანდრა ჰოლ ჰოლიმ რუსთავი 2-ის საქმის შესახებაც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ არხის სარედაქციო მენეჯმენტი არ შეიცვლება.
"რუსთავი 2-ზე ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა და აშშ-მ ერთობლივი განცხადებაც გამოვაქვეყნეთ, სადაც ძალიან მკაფიოდ გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება. სამართლებრივი პროცესები მიმდინარეობს. მე არ გახლავართ სამართალმცოდნე და ამ სასამართლო დავის დეტალებში შეფასება ჩვენი საქმე არ არის, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდია და ყურადღება დიდია, არსებობს შანსი, რომ შეიქმნას განცდა, რომ საქმე გვაქვს პოპულარული არხის მუშაობაში ხელი შეშლის მცდელობასთან. არხის, რომელსაც ბევრი მაყურებელი ყავს. რა თქმა უნდა ვფიქრობ ეს ზიანის მომტანი იქნება. მაგრამ, ეს უზენაესი სასამართლოს გადასაწყვეტია. ამ წინასაარჩევნო პერიოდში, მგონი რამდენიმე ჩემმა კოლეგამ გააჟღერა მოსაზრება, რომ ახლა არ არის შესაფერისი დრო იმისათვის, რომ არხის სარედაქციო მენეჯმენტი შეიცვალოს, იმიტომ რომ ეს შექმნის განცდას, რომ გარკვეულ მცდელობებთან გვაქვს საქმე. მე არ ვამბობ, რომ ეს რეალურად ასეა, მაგრამ ამ შემთხვევაში მხოლოდ განცდა და შთაბეჭდილებაც კი შეიძლება საზიანო იყოს,"- აცხადებს ბრიტანეთის ელჩი საქართველოში.
ალექსანდრა ჰოლ ჰოლი საქართველოდან ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ამერიკაში მიდის, დიპლომატიური საქმიანობის გაგრძელებას ჯერ არ ფიქრობს.
ავტორი: გვანცა სუთიძე.