World News in Georgian

ირანის პრეზიდენტი: აშშ ინანებს ბირთვული ხელშეკრულებიდან გასვლას

ირანის პრეზიდენტი, ჰასან როჰანი ამბობს, რომ აშშ ინანებს 2015 წლის ბირთვული ხელშეკრულებიდან გასვლას და რომ მის ქვეყანას შემუშავებული აქვს გეგმები, რათა უპასუხოს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ნებისმიერ გადაწყვეტილებას ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით. "გვაქვს გეგმები, რათა წინააღმდეგობა გავუწიოთ ტრამპის ნებისმიერ გადაწყვეტილებას ბირთვული შეთანხმების თაობაზე" - განაცხადა როჰანიმ 6 მაისს, ჩრდილოდასავლეთ ირანში წარმოთქმულ სიტყვაში, რომელიც ტელევიზიით გადაიცემოდა. "თუ ამერიკა ბირთვულ ხელშეკრულებას დატოვებს, მალე ნახავთ, რომ ეს ნაბიჯი ისტორიულ სინანულს გამოიწვევს" - აცხადებს ირანის პრეზიდენტი. ტრამპს ნათქვამი აქვს, რომ თუ ევროპელი მოკავშირეები 12 მაისამდე არ გამოასწორებენ ხელშეკრულების, მისი თქმით,  "საშინელ ნაკლებს", ის აშშ-ს გაიყვანს შეთანხმებიდან. ხელშეკრულების ფარგლებში, თეირანს სანქციები მოეხსნა, მისი ბირთვული პროგრამის შეკვეცის სანაცვლოდ - მაგრამ ტრამპი ამბობს, რომ შეთანხმების პირობები არასაკმარისად მკაცრია. ხელშეკრულების ხელმომწერებს შორის არიან გერმანია, საფრანგეთი, რუსეთი, ჩინეთი და ბრიტანეთი, ისინი ვაშინგტონს მოუწოდებენ არ დატოვოს შეთანხმება - ამ ქვეყნების აზრით, შეთანხმება წარმოადგენს საუკეთესო გზას საიმისოდ, რომ ირანმა ვერ შეძლოს ატომური იარაღის შექმნა. ირანის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ თეირანი უარყოფს ტრამპის მოთხოვნებს ბირთვულ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შესახებ. 

Читайте на сайте