World News in Georgian

ფაშინიანი ამბობს, რომ შესაძლებელია თანამშრომლობა სომხეთის მმართველ პარტიასთან

სომხეთის ოპოზიციის ლიდერი, ნიკოლ ფაშინიანი ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავების შემთხვევაში არ გამორიცხავს თანამშრომლობას სომხეთის მმართველ რესპუბლიკურ პარტიასთან.  "ჩვენი შესაძლო თანამშრომლობა დამოკიდებული იქნება რეალურ პოლიტიკურ ვითარებაზე" - უთხრა ფაშინიანმა ჟურნალისტებს 5 მაისს. "პოტენციურად ბევრი ვითარებაა შესაძლებელი, რომელიც სამომავლო გზას გამოაჩენს" - განაცხადა მან და დასძინა, რომ მისი მთავარი მიზანია "შერიგების მთავრობის შექმნა". ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ფაშინიანი სათავეში ედგა მასობრივ საპროტესტო ტალღას სომხეთში, ახლა კი ის, როგორც ჩანს, ახლოსაა პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებასთან. ანტისამთავრობო დემონსტრაციების შედეგად რესპუბლიკური პარტიის ლიდერი და ყოფილი პრეზიდენტი, სერჟ სარგსიანი იძულებული გახდა გადამდგარიყო პრემიერის პოსტიდან, სულ რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც ის ამ პოზიციაზე პარლამენტმა დაამტკიცა. სარგსიანი ათწლეულის განმავლობაში იყო პრეზიდენტი, მაგრამ საპრეზიდენტო ვადებზე არსებული შეზღუდვის გამო მას აღარ შეეძლო ამ თანამდებობაზე დარჩენა. თუმცა პარლამენტმა, რომელშიც დომინანტურ ძალას რესპუბლიკური პარტია წარმოადგენს, ის სწრაფად დაამტკიცა პრემიერად - რასაც წინ უძღოდა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც შემცირდა პრეზიდენტის, და გაიზარდა პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილება. 

Читайте на сайте