World News in Georgian

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსი ​კიდევ ერთ პაციენტს დაუდასტურდა

სამამდე გაიზარდა დაინფიცირებულ პაციენტთა რაოდენობა ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში. გუშინ ღამით საკარანტინო სივრციდან სიცხის მატების გამო ოთხი პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგად ერთ მათგანს დღეს კორონავირუსი დაუდგინდა, სამს კი არა.


როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ განაცხადა, ამ დროისთვის კლინიკაში მყოფი სამი დაინფიცირებული პაციენტიდან ორი საშუალო ასაკისაა, ერთი კი ახალგაზრდა მამაკაცია: „სამივე პაციენტს ვირუსი გამოხატული აქვს, მსუბუქი სიმძიმის მინიმალური კლინიკური ნიშნებით“. ზაალ მიქელაძისვე თქმით, სამივე პაციენტი რისკისმქონე ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ საქართველოში. რის შემდეგაც ისინი პირდაპირ მოხვდნენ ბათუმის საკარანტინო სივრცეში, ისე რომ გარე პირებთან კონტაქტი არ ჰქონიათ.




ბათუმის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 800-ზე მეტი მოქალაქეა. ყველა მათგანს საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს. 


საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულია 49 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1966. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 259.

Читайте на сайте