World News in Georgian

ჩეჩენმა დეპუტატმა მოსკოვის მეშჩანსკის რაიონის თავკაცს „მახინჯი“ უწოდა

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ჩეჩნეთიდან, ადამ დელიმხანოვმა, რომელმაც ცოტ ხნის წინ ყურადღება მიიპყრო ყოფილი მოსამართლის, საიდ იანგულბაევის ოჯახის მიმართ გამოთქმული ანგარიშსწორების მუქარებით, ტელეფონზე დაურეკა და „მახინჯი“ უწოდა მოსკოვის მეშჩანსკის რაიონის დეპუტატთა საბჭოს მეთაურს, ალექსანდრ ზაკუსკინს. სატელეფონო საუბარი სოციალური ქსელით გავრცელდა.



ამ შეურაცხყოფის საბაბი გახდა ზაკუსკინის თავდასხმა 68 წლის ჩეჩენ ქალზე, სალიმა იუსუპხაჯიევზე, რომელიც მოსკოვის მშვიდობის პროსპექტზე მდებარე მეჩეთთან ძეხვს ყიდდა. იუსუპხაჯიევის თქმით, ზაკუსკინი წიხლებს ურტყამდა მის ყუთს და დაემუქრა „ჩეჩნეთში დეპორტაცია“ და შემდეგ, როგორც დაზარალებული აცხადებს, სახესთან გაუხსნა წიწაკის გაზის ბალონი.


სატელეფონო საუბრის დროს ზაკუსკინმა პირობა მისცა ჩეჩენ დეპუტატს, რომ ბოდიშს მოიხდის დაზარალებულის წინაშე და „ყველა ღონეს იხმარს“ საკუთარი დანაშაული გამოსასყიდად.



როგორც „კავკაზ. რეალიი“ იუწყება ჩეჩნეთის ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით, ჩეჩნეთის ადამიანის უფლებათა რწმუნებულის თხოვნის საფუძველზე ზაკუსკინის წინააღმდეგ საპროკურორო შემოწმება ჩატარდება.



როგორც გამოცემა Baza ამტკიცებს, ზაკუსკინისა და დელიმხანოვის სატელეფონო საუბრის გამოქვეყნების შემდეგ მეშჩანსკის რაიონის თავკაცის მისამართით მუქარები გაისმა. უცნობები მას წერენ, რომ „თავს მოაჭრიან“. როგორც Baza იუწყება, მუქარების გამო ზაკუსკინმა პოლიციას აცნობა და ასევე შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი.

Читайте на сайте