World News in Georgian

ადამიანის უფლებათა კომისარი: ჩატარდეს დამოუკიდებელი და საფუძვლიანი გამოძიება ქიმიური ნივთიერებების შემცველი წყლის ჭავლის გამოყენებაზე

“კვლავ შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და ჟურნალისტები ასრულებენ არსებით როლს ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო სივრცის დაცვაში. შესაბამისად, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების ათობით ორგანიზაციის მიმართ მიმდინარე ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი წარმოების მკაცრი შესაბამისობა ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციასთან“, - აცხადებს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაჰერტი, რომელიც მიმდინარე წლის 14-15 აპრილს იმყოფებოდა საქართველოში. ვიზიტის შემაჯამებელი განცხადება ევროსაბჭოს ვებსაიტზე 21 აპრილს გამოქვეყნდა.

ტექსტში აღნიშნულია, რომ კომისრის ვიზიტისას ყურადღება გამახვილდა “2024 წელსა და 2025 წლის დასაწყისში დემონსტრანტების ძალადობრივი დაშლისთვის სახელმწიფოს წარმომადგენელთა პასუხისმგებლობის უგულებელყოფაზე, გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებების სულ უფრო მეტად შეზღუდვაზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ პირთა და იქიდან იძულებით გადაადგილებულთა უფლებებზე”.

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაჰერტი „გამოხატავს მადლიერებას საქართველოს ხელისუფლების მიმართ თანამშრომლობისა და მათი მაღალ დონეზე მისაწვდომობის გამო“, აგრეთვე „მედეგობისთვის აქებს სამოქალაქო საზოგადოებას, უფლებადამცველებსა და ჟურნალისტებს, რომლებიც განაგრძობენ მუშაობას სულ უფრო შემზღუდავ გარემოში“.

ადამიანის უფლებათა კომისრის განცხადება სამი ნაწილისგან შედგება: „ანგარიშვალდებულება და ძალოვანი უწყებები“, „დემოკრატიული თავისუფლებების შეზღუდვა“ და „ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა და იქიდან იძულებით გადაადგილებულთა უფლებები“.

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა იხელმძღვანელა რეკომენდაციებით, რომლებიც 2025 წლის იანვრის ვიზიტის შემდეგ წარმოადგინა და რომლებიც შეეხებოდა 2024 წელსა და 2025 წლის დასაწყისში ძალოვანი უწყებების თანამშრომლებისა და ამოუცნობი, ნიღბიანი პირების მიერ საპროტესტო აქციების მონაწილეებისა და ჟურნალისტების უკანონო დაკავებებისა და მათ მიმართ ჭარბი ძალის გამოყენებაზე ბრალდებებისთვის ანგარიშვალდებულების არარსებობას.

ერთი მხრივ, კომისარი მიესალმება შინაგან საქმეთა მინისტრის საკანონმდებლო წინადადებას, რომელიც ძალოვანი უწყებების ყველა თანამშრომელს ავალდებულებს, ჰქონდეს ხილული ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო ნომრები, მეორე მხრივ კი, კვლავაც შეშფოთებულია ფაქტით, რომ საპროტესტო აქციების ძალადობრივი დაშლის გამო ძალოვანი უწყებების არცერთი თანამშრომელი არ წარუდგენიათ მართლმსაჯულების წინაშე.

21 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მაიკლ ო’ფლაჰერტმა საქართველოში გამართულ შეხვედრებზე გაიმეორა მოწოდება - “ჩატარდეს დამოუკიდებელი და საფუძვლიანი გამოძიება საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ ქიმიური ნივთიერებების შემცველი წყლის ჭავლის გამოყენებაზე. მან ხელისუფლებას შეახსენა “ძალოვან უწყებებში ნაკლებად ლეტალური იარაღის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა სახელმძღვანელოზე“ (2020) და მოუწოდა მათ ამ სახელმძღვანელო პრინციპების ძალოვანი უწყებების საქმიანობაში დანერგვისკენ.

ო’ფლაჰერტმა თბილისში შეხვედრებზე განსაკუთრებით აღნიშნა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს იმ გადაწყვეტილებების აღსრულების მნიშვნელობა, რომლებიც შეეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3, მე-10 და მე-11 მუხლებს, რომლებიც ეხება წამების აკრძალვას, გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებებს. ადამიანის უფლებათა კომისარმა ცალკე აღნიშნა ევროსასამართლოს ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება საქმეზე „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, რომელიც სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი მუხლების დარღვევას შეეხებოდა.

კომისარი ხაზს უსვამს საქართველოში გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების სულ უფრო მეტად შემზღუდავი კანონმდებლობის კუმულაციურ ეფექტს და შენიშნავს, რომ ხელისუფლება სულ უფრო ამკაცრებს შემზღუდავ ზომებს:

„შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ახალი ცვლილებები ადგენს პოლიციისთვის წინასწარი შეტყობინების ვალდებულებას იმ შემთხვევაში, თუკი დემონსტრაცია იმართება ავტომანქანებისა და ქვეითთა მოძრაობის ადგილას, აგრეთვე პოლიციას ანიჭებს მანიფესტაციის ადგილისა და დროის შეცვლის უფლებამოსილებას, თუკი ის ქმნის საფრთხეს ავტომანქანებისა და ქვეითთა შეუფერხებელი გადაადგილებისთვის და დემონსტრანტებს ტროტუარის „ბლოკირებასაც“ კი უკრძალავს“.

განცხადებაში აღნიშნულია 2025 წლის თებერვალში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 60-დღიანი დაკავების გავრცელება ისეთ დარღვევებზე, როგორებიცაა ნიღბის ტარება, გზის გადაკეტვა ან დემონსტრაციების დროს დროებითი კონსტრუქციის აღმართვა, სამართალდარღვევის პირველად ჩადენის შემთხვევაშიც კი. კომისარი აღნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილ ცვლილებას - პროტესტთან დაკავშირებული ადმინისტრაციული დარღვევის გამეორებისას სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაზე, რომელიც ორ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ადამიანის უფლებათა კომისარი გამოხატავს შეშფოთებას იმის გამო, რომ ეს ცვლილებები მნიშვნელოვნად ზღუდავს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას და შეუსაბამოა კონვენციით განსაზღვრულ აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპთან.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე კომისარმა გამოხატა შეშფოთება „უცხოური გავლენის“ შესახებ რამდენიმე კანონისა და სამოქალაქო საზოგადოების ათობით ორგანიზაციის მიმართ ადმინისტრაციული თუ სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოების მსუსხავი ეფექტის გამო:

“ხელისუფლებასთან დისკუსიების დროს, გამოვხატე ჩემი პოზიცია “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის” შედეგებზე ადამიანის უფლებათა კუთხით. ასევე გამოვხატე შეშფოთება “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონზე”, რომელიც იურიდიულ და ფიზიკურ პირებს ავალდებულებს “უცხოეთის პრინციპალის აგენტად” რეგისტრაციას, “გრანტების შესახებ კანონზე”, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას უკრძალავს ოფიციალური ნებართვის გარეშე უცხოური დაფინანსების მიღებას და “მაუწყებლობის შესახებ კანონზე”, რომელიც კრძალავს მედიის მიერ პროგრამების შექმნისა და გავრცელების უცხოურ დაფინანსებას”.

კომისრის განცხადებაში ვკითხულობთ:

“მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობა ლეგიტიმური მიზანი იყოს, ფართო სპექტრის შეზღუდვები შეუსაბამოა კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლებში მოცემულ კანონიერების, ლეგიტიმურობის, აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპებთან, აგრეთვე არადისკრიმინაციულობის პრინციპთან. მოვუწოდებ საქართველოს “ფარას” კანონის უკან გაწვევისა და სხვა რეპრესიული კანონმდებლობის არსებითად გადახედვისკენ კონვენციასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად”.

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თავისი ბოლო ვიზიტის დროს წეროვანში შეხვდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს:

“იძულებით გადაადგილებულ პირებს კვლავაც აქვთ ინტეგრაციასთან დაკავშირებული გამოწვევები და მოვუწოდებ ხელისუფლებას, მუდმივი ყურადღების ქვეშ ჰქონდეს ისეთი სექტორები, როგორებიცაა განსახლება, დასაქმება და განათლება”. მაიკლ ო’ფლაჰერტი თავის განცხადებაში “იწონებს იძულებით გადაადგილებული პირების სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების, აგრეთვე ოკუპაციის ხაზებზე თავისუფლად გადაადგილების უფლებების მხარდაჭერას საქართველოს ხელისუფლების მიერ”, - წერია 21 აპრილს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

14-15 აპრილს თბილისში ვიზიტის დროს მაიკლ ო’ფლაჰერტი შეხვდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრ გელა გელაძეს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძეს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრ თეა ახვლედიანს, გენერალურ პროკურორ გიორგი გვარაკიძეს, გენერალურ აუდიტორ გიორგი გაბიტაშვილს, სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს. ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვედრები ჰქონდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და იძულებით გადაადგილებულ პირებთან.

მაიკლ ო’ფლაჰერტი საქართველოში ვიზიტის შესახებ დეტალურ ანგარიშს მოგვიანებით გამოაქვეყნებს.

Читайте на сайте